2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ISFED: ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს

ქართული ოცნების პრესსამსახური

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. სადაც, ძირითადად, 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდია განხილული.

ISFED-ის კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; აგიტაციის წესების დარღვევის 12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი. ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით. ISFED-მა ცესკოს 17 საჩივრით მიმართა. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მხარი დაუჭირა, შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან Facebook-ს პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია:

“საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას პირდაპირ გამოხატავს, ხოლო სხვები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პარალელურად ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მადისკრედიტირებელ პოსტებს იზიარებენ. ზოგიერთი საჯარო მოხელე ფეისბუქზე აგიტაციას სამუშაო საათებში არ ეწევა და მათი პოლიტიკური აქტივობები არასამუშაო საათებში შეინიშნება, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების მიერ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის აქტივობებისა და მხარდაჭერის შესახებ პოსტები სოციალურ ქსელში გამოქვეყნების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები რიგირც მუნიციპალიტეტის ორიფიალურ, ასევე პირად “ფეისბუკ” გვერდებს იყენებდნენ.

ISFED-ის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს „ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.“

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ სოციალური ქსელებით აგიტაციის ფაქტები შესაძლოა ზეწოლის ნიშნებსაც შეიცავდეს:

“სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პ/გ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვაკეში, იბარებენ აქტივისტებს და მოითხოვენ, რომ მოიწონონ და „ფეისბუქზე“ გააზიარონ ისეთი გვერდები, როლებიც შეიცავს ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური პრეზიდენტობის კანდიდატების დისკრიმინაციული ხასიათის ფოტოებს და პოსტებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი დამკვირვებელთან საუბარში ამბობს, რომ ვინც არ მოიწონებს და არ გაიზიარებს ზემოთაღნიშნული ხასიათის ფეისბუქის გვერდებს, მათ სამსახურებში პრობლემები შეექმნებათ. ხოლო, ვინც არ არის დასაქმებული არ დაეხმარებიან სამსახურის შოვნაში” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე, ISFED-ის განცხადებით, 27 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“თბილისის მერიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის შესახებ თბილისის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქისა“და ვებ გვერდებზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ადგილი ჰქონდა საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის დარღვევას, რომლის თანახმად, დაუშვებელია, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;

მათ შორის, იკრძალება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კომენტარები