სპეციალური პენიტენციური სამსახური

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ. 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. ყველა პატიმარს უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი.

"აქამდე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება
მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ჰქონდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკანში არსებული ფართი ამის საშუალებას იძლევა. ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას, ყურადღება მიექცევა მსჯავრდებულს მდგომარეობას, კერძოდ, აქვს თუ არა თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა.

იუსტიციის მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, იკრძალება პატიმრისთვის მაცივრით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა იმ შემთხვევაში, თუ მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი - "მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი არღვევს დაწესებულებაში ქცევის წესებს.

მაცივრით იმ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს პატიმარი, თუ ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი გამოვლინდება, ან თუ მაცივრით სარგებლობისას პირი დაარღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს, ან კიდევ თუ მაცივარი ან მისი ნაწილები გამოიყენება ისე, რომ საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მაცივარი გადაეცემა პატიმრის ოჯახის წევრს, ან შესანახად მოთავსდება დაწესებულების საწყობში პირის გათავისუფლებამდე" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები