"ჩვენ რო დაბომბვა დავიწყეთ" - გორის მერი ომზე საუბრობს და კონდოლიზა რაისს "ზანგს" უწოდებს

ტელეკომპანია თრიალეთი

შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია, "თრიალეთი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც გორის მერი, კონსტანტინე თავრაზაშვილი მოსახლეობას ხვდება და რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში "დაბომბვა ჩვენ დავიწყეთ".

"ხო შეიძლებოდა აქედან რომ ესვრი, იმათმაც ის გამოგიშვან საპასუხოდ... და აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ ხო? ჩვენ მეორე დილით გავიგეთ, რო გავიღვიძეთ, 8-ში, ეს რა ხდებაო და დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. აი ამაზე კითხვას რომ ვუსმევთ, ჩვენ რო აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რო ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?", - თქვა თავრაზაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

გარდა ამისა, მან აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს "ზანგი" უწოდა. ერთ-ერთ ადგილობრივთან რუსეთ-საქართველოს ომის და ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებების განხილვისას გორის მერი ამბობს:

"კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული, ზანგი რო იყო".

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ინფორმაციით, გორის მერი კარალეთის დევნილთა დასახლებაში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მივიდა და ხმებს ითხოვდა.

კომენტარები