ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

გახარია ომეგას საქმეზე: მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე მოთმინებით ვუყურო

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი ომეგას საქმეს და ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და ოქუაშვილის ინტერვიუს კომედიას უწოდებს. ის ასევე ადასტურებს, რომ ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შედგა და ბიზნესომბუდსმენის რანგში მას თავადაც ესწრებოდა. 

გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. 

„მე იქ ვიყავი როგორც ბიზნესომბუდსმენი, ბიძინა ივანიშვილი იქ იყო როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ეს შეხვედრა შედგა ბიზნესცენტრში. რაც შეეხება შემდგომ საკითხს, ამოცანა და მიზანი ამ შეხვედრის გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება და ის გაუბედურებული წარმოება, რომელიც მაშინ გახლდათ. არ მახსოვს ახლა რა ჰქვია იმ წარმოებას, ეს იყო იმ საუბრის ამოცანა, რომელსაც ვადასტურებ და ყოველთვის დავადასტურებ, ხოლო ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, ეს არის უბრალოდ ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილის მომგვრელია. უკვე მრავალსერიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი და მზად ვარ, ამ კომედიას ვუყურო ბოლომდე, ასე მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე“, – თქვა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, ასევე არ არის წინააღმდეგი, კითხვებზე პასუხის გასაცემად ლონდონში ჩავიდეს, სადაც ომეგას საქმის გამოძიება არის დაწყებული.

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

კომენტარები