ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ბახტაძე: შევძელით მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა საგანძური, რაც ქართული მწერლობის სახით გვაქვს

"წილად მხვდა პატივი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმედგინა საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

"საპატიო სტუმრის სტატუსი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროში წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, რადგან შევძელით მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა ის უნიკალური საგანძური, რაც ქართული მწერლობის სახით გაგვაჩნია.

გოეთეს ქალაქის ქუჩებში "ანბანით მოთხრობილი საქართველო“ თავის გასაოცარ ისტორიას უყვება ფრანკფურტელებს და ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ყველა სტუმარს უზიარებს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ლიტერატურასა და ღირებულებებს" - განაცხადა ბახტაძემ და მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას მხარდაჭერისა და გვერდზე დგომისთვის.

სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ფედერიკა მოგერინიც. 

"როდესაც მოსაწვევი მივიღე, ვიფიქრე - რამხელა პატივი მერგო. შემდეგ დავფიქრდი - რატომ. ორი მიზეზია: 1. სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც. 2. სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, ევროკავშირი სწორედ იქ უნდა იყოს" - თქვა მოგერინიმ.

ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პავილიონი და ქართველი მწერლები სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება ლიტერატურული კონკურსი საბა 2018-ის დაჯილდოება.

კომენტარები