ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/MESGeorgia/photos

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული რამდენიმე საათის წინ გაიხსნა. კვირეულზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება. გახსნაზე მწერალი აკა მორჩილაძე სიტყვით გამოვიდა. მის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია თქვა ამაზე ორი სიტყვა. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:

ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს, რაღაცას ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო რაღაც არ არის ჩვენთვის, იმიტომ რომ სიცოცხლესაც ნიშნავს.

აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში კიდევ ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა, ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა. მარტივი რაღაცები, ვთქვათ, ანბანი, რომელიც ვახსენეთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ სხვა ანბანი გვაქვს და ასე შემდეგ...

ეს არის სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას. 

ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.

მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, არ არის აქ ამის ადგილი, დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500  წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო, რა არის ღირებული და რა - არა.

როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.

აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს, ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროსთვის მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.

ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა, არაფერი დიდად არ შეცვლილა.

თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ამ კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით ჩვენ წიგნებს ქართველები.

ეს არის ფუფუნება, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.

საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ.  წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა, ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რაღაც, არაბული, სპარსული, სომხური და ჩვენ ვთარგმნიდით, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. 

მოკლედ, ჩვენ ამ ანბანით ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეინახება.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია - დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.

ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით, რაცაა - კიდევ უფრო მაღალია.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოწერს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20-საუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და საქართველოში ჩვენ გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია. მათი პირველი სახელი არის პოეზიით და არა პოლიტიკით. ასეა, არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სილაღე, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა, ჩვენი ოცნებაცაა და ა.შ.

ახლა ასე ლამაზადაც არაა მთლად. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და მათ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას, ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას რაღაცნაირად მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, აი, ამ უბედური ამბების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. აი, ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი. უფრო ბევრიც შეიძლებოდა, მაგრამ მაპატიეთ, ბოდიში..."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები