სიღარიბე

ისტორიაში პირველად - კაცობრიობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში აღარ ცხოვრობს

http://post.jagran.com

მსოფლიოში მნიშვნელოვანი, მაგრამ შეუმჩნეველი ცვლილებები ხდება. მას შემდეგ, რაც 10,000 წლის წინ სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ცივილიზაციის ერა დაიწყო, კაცობრიობის ნახევარი პირველად აღარ არის ღარიბი ან მოწყვლადი იმისთვის, რომ ღარიბი გახდეს.

ჰომი ქარასისა და კრისტოფერ ჰამელის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 50%, დაახლოებით 3.8 მილიარდი ადამიანი, შეიძლება “საშუალო ფენად” ან “მდიდრად” ჩაითვალოს. დაახლოებით ასეთივე რაოდენობაა ღარიბების.

მკვლევარები მსოფლიო მოსახლეობას ოთხ ნაწილად ყოფენ: 600 მილიონი ადამიანი ღარიბია - შემოსავალი დღეში 1.90$;  3.2 მილიარდი ადამიანი ფინანსურად გაჭირვებული- შემოსავალი დღეში 1.90$-დან 11$-მდე; 3.6 მილიარდი ადამიანი საშუალო ფენას წარმოადგენს, ხოლო 200 მილიონი ადამიანი მდიდარია - მათი შემოსავალი დღეში 110$-ზე მეტია


ფოტო: World Data Lab

2018 წლის სექტემბერი გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა - ამიერიდან, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ღარიბები არ იქნებიან უმრავლესობაში, იწყება პერიოდი, სადაც უმრავლესობას საშუალო ფენა წარმოადგენს.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2030 წლისთვის მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა იქნება:


ფოტო: World Data Lab
ჩარტი გვიჩვენებს, რომ ღარიბების რაოდენობა 150 მილიონით, ხოლო გაჭირვებულების რაოდენობა 900 მილიონით შემცირდება. საშუალო ფენას დაემატება 1.7 მილიარდი ადამიანი, ხოლო მდიდრებში კიდევ 100 მილიონი ადამიანი გადავა.

საშუალო ფენა განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლებით - მათ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ, მაგალითად, მოტოციკლეტი, მაცივარი ან სარეცხი მანქანა შეიძინონ. შეუძლიათ კინოში ან დასასვენებლად წასვლა. ისინი მეტად დარწმუნებულები არიან, რომ გადაიტანენ ეკონომიკურ შოკს - ავადმყოფობა, დროებითი უმუშევრობა - გაღარიბების გარეშე.

დღევანდელ სამყაროში, ყოველ 1 წამში 1 ადამიანი აღწევს თავს სიღარიბეს, ხოლო წამში 5 ადამიანი საშუალო ფენაში გადადის. მდიდრების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ შედარებით ნელა - 1 ადამიანი ყოველ 2 წამში.

ჩარტის პირველი, ყვითელი ხაზი აჩვენებს 1820-1990 წლებში იმ ადამიანების წილს მსოფლიო მოსახლეობაში, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ანუ დღეში 2$-ზე ნაკლებით. 1820 წელს მსოფლიო მოსახლეობის 94% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 1990 წელს ეს მაჩვენებელი 54%-მდე შემცირდა.

მეორე, წითელ ხაზში სიღარიბე განსაზღვრულია, როგორც დღეში 1$-ზე ნაკლებად ცხოვრება. 1820 წელს მსოფლიო მოსახლეობის 84% სწორედ ასე ცხოვრობდა, 1990 წლისთვის კი 24%.

მოკლე შავი ფერის ხაზი გვიჩვენებს 1980-2015 წლებს და სიღარიბეს განსაზღვრავს, როგორც დღეში 1.90$-ზე ნაკლებად ცხოვრებას. 1980 წელს მსოფლიო მოსახლეობის 44% ცხოვრობდა ასე, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.6%-ია.

ეს კარგად აჩვენებს სიღარიბის კლების ტენდენციას ბოლო 200 წლის განმავლობაში. კლება განსაკუთრებით დაჩქარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ამ ტენდენციას მოწმობს სხვა სტატისტიკებიც, მაგალითად HumanProgress-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რაოდენობა 1820-2015 წლებში და როგორ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ მდგომარეობაში არ არიან.

ნარინჯისფერი ხაზი - ადამიანები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ

ცისფერი ხაზი - ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში

ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეამცირა სიღარიბე, ჩინეთია. 1980 წელს ჩინეთში ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა. ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად, 1981-2010 წლებში 680-მა მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს - რაც, მაგალითად, ლათინური ამერიკის მთლიან მოსახლეობაზე მეტია. ჩინეთზე ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის შემცირების მესამედი მოდის.

ასევე მნიშვნელოვანია აფრიკისა და ინდოეთის მაგალითი - 1999-2010 წლებში აფრიკაში მშპ ერთ მოსახლეზე ინფლაციის გათვალისწინებით 97%-ით გაიზარდა, ხოლო ინდოეთში 90%-ით შემცირდა შიმშილი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს 40 წლიანი სოციალისტური სტაგნაცია კაპიტალისტური რეფორმებით შეცვალა.

ეს ჩარტი აჩვენებს სიღარიბის დონეს (რომელიც განსაზღვრულია დღეში 1.25$-ით) ბანგლადეშში (ნარინჯისფერი), ჩინეთში (ცისფერი), ვიეტნამსა (იასამნისფერი) და ინდოეთში (მწვანე). Brookings Institution-ის მკვლევარების ლორენს ჩენდისა და ჯოფრი გერტის მიხედვით - “ 2005-2010 წლებში, ღარიბების რაოდენობა მსოფლიოში ნახევარი მილიარდით შემცირდა. სიღარიბის ამგვარი კლება უპრეცედენტოა ისტორიაში -  არასოდეს ამდენ ადამიანს არ დაუღწევია თავი სიღარიბისთვის ასეთ მოკლე პერიოდში.”

ჩინეთის წარმატების შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ახალ საშუალო ფენას ძირითადად აზიელები წარმოადგენენ, საშუალო ფენის შემდეგი მილიარდი მომხმარებლიდან 10-დან 9 აზიელი იქნება - ისინი არიან  ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.

მზარდ შემოსავლებს სხვა დადებითი შედეგებიც მოაქვს -  ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990 წელს ყოველი 1000 ახალშობილიდან 64.8 იყო, ხოლოდ 2016 წელს ეს მაჩვენებელი 30.5-ია.

ადამიანები უფრო ნაკლებს მუშაობენ და მეტ დროს ხარჯავენ გართობაზე. მაგალითად, 1950 წელს საშუალო ამერიკელი მუშა 1,983 საათს  მუშაობდა წელიწადში. 2016 წლისთვის ეს მონაცემი დაეცა 1.774 საათზე, რაც 209 საათით ნაკლები მუშაობის მაჩვენებელია. ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც იგრძნობა, OECD-ის სტატისტიკების მიხედვით, მაგალითად, 2000 წელს, ავსტრალიაში თუ მუშა საშუალოდ წელიწადში 1,780 საათს მუშაობდა, 2017 წელს მაჩვენებელი 1676 საათია. ჩილეში 2,263 სამუშაო საათი 2000 წელს, 2017 წელს 1,954 საათი გახდა.

1960 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52,6 წელი იყო. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 71.9 წელია.

განათლება ყველა საფეხურზე მეტად ხელმისაწვდომია. დაწყებითი სკოლის დამთავრების მაჩვენებელი 1970 წლიდან 2015 წლამდე 20%-ით გაიზარდა. ზრდა ასევე აღინიშნება საშუალო და მაღალ საფეხურებზე.

მიუხედავად ტერორისტული მკვლელობების ზრდისა, მსოფლიო დღეს მეტად უსაფრთხოა, ვიდრე, მაგალითად, ცივი ომის პერიოდში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ადამიანებს უფრო მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციასთან დღეს, ვიდრე სხვა დანარჩენ პერიოდში.

კომენტარები