კიბერუსაფრთხოება

"მომო" - ახალი სახიფათო ინტერნეტ თამაში მოზარდებისთვის თუ მითი?

"ლურჯი ვეშაპის" შემდეგ ახალი სახიფათო ონლაინ თამაში, სახელწოდებით "მომო" გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ მან უკვე ქართველ თინეიჯერების ინტერესიც გამოიწვია.

არსებობს თუ არა ერთი კონკრეტული "მომო" ნამდვილად, უცნობია. თუმცა ამ სახელს ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი იყენებს და მოზარდებს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე დაუდგენელია, ეს არის კომპიუტერული ვირუსი თუ კონკრეტული პირი, ვინც სოციალური ქსელით დაკავშირების შემდეგ, მომხმარებლის პირად ინფორმაციას იღებს.

"მომოს" ავატარის ფოტოზე იაპონელი არტისტის, კეისუკე აისავას​ ნამუშევარია გამოსახული, რომელსაც "დედა ჩიტი" ჰქვია. ექსპონატი ტოკიოს ვანილა გალერეაში გამოიფინა. ეს არის უცნაური ვიზუალის მქონე ქალის ტანის ზედა ნაწილი ფრინველის ფეხებზე. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტორს "მომოსთან" კავშირი არ აქვს. თავდაპირველად ბევრი გამოცემა წერდა, რომ ავტორი მიდორი ჰაიაშია, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა - "დედა ჩიტი" LinkFactory-ს და კეისუკე აიავას ეკუთვნის.


ფოტო: https://www.instagram.com/p/BlShmTLHjNR/
როგორც ინტერნეტ თამაშების უმრავლესობასთან, "მომოსთან" წვდომასაც მოზარდები მარტივად ახერხებენ, შედეგები კი სახიფათოა. არსებობს ინფორმაცია, რომ ის ე.წ. "თვითმკვლელ" თამაშებს მიეკუთვნება და შესაბამისად, უკანასკნელი დავალება ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, სუიციდი იყოს. "ლურჯი ვეშაპისგან" განსხვავებით, აქ უცნობია ამ ყველაფრის უკან დგას თუ არა ერთი კონკრეტული პირი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოში "მომოს" სახელს სხვადასხვა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანი მუქარის, დაშინების, შანტაჟის ან სხვა მიზნით იყენებს. შედეგი ყველა შემთხვევაში სახიფათოა - მსგავსი ტიპის თამაშები, იქნება ეს ერთი კონკრეტული პირის მიერ მართული თუ "თვითმარქვია", იპარავს მასში ჩართული ადამიანების პირად ინფორმაციას და მისი გავრცელების მუქარით სხვადასხვა დავალების შესრულებას აიძულებს. თავდაპირველად, ეს შეიძლება მოზარდებისთვის სახალისოც იყოს, თუმცა უარის შემთხვევაში მათ აშანტაჟებენ, ემუქრებიან, ხშირად აიძულებენ მიიყენონ თვითდაზიანებები, უგზავნიან ძალადობის ამსახველ ფოტოებს, აქეზებენ თვითმკვლელობისკენ და ა.შ. ამ ტიპის საშიში თამაშებისგან თავის დაღწევა მოზარდებს ხშირად ძალიან უჭირთ და იძულებულნი არიან, დავალებები შეასრულონ.

მექსიკის პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად, თამაში "მომო" ფეისბუქ ჯგუფში დაიწყო და მისი იდეა უცხო ტელეფონის ნომრებთან დაკავშირება იყო. შემდგომ თამაშმა WhatsApp-ში გადაინაცვლა, რომელიც პირად ინფორმაციას უფრო უფრთხილდება და შესაბამისად, შეტყობინებების ავტორის პოვნა რთულია. ვრცელდება ცნობები, რომ "მომო" მოზარდებს სწორედ ამ სოციალური ქსელით უკავშირდება და საშიშ შეტყობინებებს უგზავნის, ასევე, სხვადასხვა დავალებას აძლევს. თუმცა ამ სახელით ანგარიში ბევრ სოციალურ ქსელში არსებობს და მათი ნაწილი თამაშის შესახებ წერს. ასეთი ანგარიშები იძებნება ქართულ ენაზეც.


ფოტო: ტაბულა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ თამაშის შესახებ იციან, თუმცა არავის მიუმართავს და შესაბამისად, გამოძიებაც არც ერთ ასეთ საქმეზე არ დაწყებულა.

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ სკოლებში "მომოს" თამაშის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"მომო" მსოფლიოში აქტუალური ბოლო რამდენიმე თვის წინ გახდა. უცხოური მედია წერს, რომ ის თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში გავრცელდა და რამდენიმე თვითმკვლელობა სწორედ ამ თამაშის გამო მოხდა. საუბრობენ სამ მოზარდზე. მათ შორის, არგენტინაში 12 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი პოლიციამ სწორედ "მომოს" დაუკავშირა. მათი თქმით, მოზარდმა სუიციდამდე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელიც სოციალურ ქსელში უნდა გავრცელებულიყო, როგორც დავალების შესრულება.

"მომოს" შესახებ მშობლებს აფრთხილებენ მექსიკაშიც. ტაბასკოს შტატის კომპიუტერულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და მოზარდებს მოუწოდა უცნობებთან კონტაქტს მოერიდონ.


ფოტო: facebook.com/UnidadInvestigacionDelitosInformaticosFGETabasco

"მომოს" შესახებ წერს ესპანეთის პოლიციაც:

გავრცელებულ ინფორმაციას FoxNews-თან გამოეხმაურა WhatsApp-იც. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მათ შეუძლიათ არასასურველი ნომრები დაბლოკონ. ასევე, მათ მოუწოდეს მომხმარებლებს შეატყობინონ პრობლემების შესახებ, რათა რეაგირება შეძლონ.

მიუხედავად ამისა, თამაშის შესახებ ამ დრომდე დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ტაბლოიდური მედიის მიერ ვრცელდება. არსებობს მოსაზრება, რომ "მომო" ლეგენდაა და არა კონკრეტული თამაში. თუმცა, ამ ვერსიის ავტორების თქმითაც, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის ისტორიები არ შეიძლება იყოს საშიში.

ინტერნეტში იძებნება ვიდეოები, მათ შორის ქართულ ენაზეც, სადაც მოზარდებს "მომოს" საფრთხეზე აფრთხილებენ, თუმცა არის ისეთებიც, სადაც "დედა ჩიტის" ფოტოიან ანგარიშს პირიქით, დასცინიან.

ამ დრომდე უცნობია ვინ არის "მომო" და არსებობს თუ არა ის ნამდვილად. არსებობს ვერსია, რომ ეს მშობლების დასაშინებლად მოგინილი ლეგენდაა. მიუხედავად ამისა, მშობლებს "დედა ჩიტის" ფოტოსთან მიმართებაში და ზოგადადაც, ყურადღება მართებთ, რათა ბავშვების ინტერნეტთან კონტაქტი იყოს დაცული და უსაფრთხო.

ცნობისთვის, ბოლო წლებში რამდენიმე საშიში ინტერნეტ თამაში გამოჩნდა, მათ შორის იყო რუსეთში აღმოცენებული "ლურჯი ვეშაპიც". თამაში მოთამაშეებისა და კურატორებისგან შედგებოდა, რომლებიც დავალებებს გასცემდნენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავდათ. ეს დავალებები შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდებოდა. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა იყო, ბოლო, 50-ე დავალება კი ზოგჯერ თვითმკვლელობაც. სხვადასხვა ინფორმაციით, "ლურჯი ვეშაპის" შედეგად 130-მა მოზარდმა მოიკლა თავი. მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ თამაშის ერთ-ერთი ადმინისტრატორი დააკავეს.

კომენტარები