კრიმინალი

სუს-ი: გამოვავლინეთ უკანონო მეწარმეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს და  კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი ფაქტების გამოსავლენად, გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა და ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მათი ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ე.წ. "ჰავალას" მეთოდით ხდებოდა.

"ეს გულისხმობს საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ", - განმარტავენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და  კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ირანის ისლამური რესპუბლიკის  მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს.

"ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, "შავი ბუღალტერია" და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები