კრიმინალი

2017 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. 1986 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ-ს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, 
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და 
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 
1997 წელს დაბადებული გ.ბ. უწყების ინფორმაციით, სწორედ მის მიერ ნაქირავებ ბინაში იმალებოდა ძებნილი ვ.კ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის - გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს" - აცადებს შსს.

გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.

რაც შეეხება გ.ბ-ს, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღეს. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები