კრიმინალი

ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში ქურდობისთვის, ცხრა ქართველ სამხედროს ბრალი წარედგინა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

"2018 წლის 30 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, აშშ კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება 2018 წლის 24 ივლისს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ საავიაციო ბაზა „ბაგრამი“-ს ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა.

"ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ მყისიერად შეუწყვიტა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირებს მივლინება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დააბრუნა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 20 პირი, მოხდა ორივე მაღაზიაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება, განხორციელდა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, მაღაზიებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, მოწმეთა ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე ამოღებული იქნა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირთა მობილური ტელეფონები, ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება. 

"ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შეიარაღებული ძალებმა, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობამ და პირადმა შემადგენლობამ მტკივნეულად აღიქვა. ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედება კი არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, მას მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

კომენტარები