უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კონსტანტინოპოლმა უკრაინელი იერარქები და მრევლი კანონიკურ სტატუსში აღადგინა

მსოფლიო პატრიარქი და უკრაინის პრეზიდენტი

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური - პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - მაკარ მალეტიჩი, ისევე, როგორც ამ ორი, ამ დრომდე არაკანონიკურად მიჩნეული ეკლესიის მრევლი აღდგენილია მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან სრულ თანაზიარებაში. 

კონსტანტინოპოლის სინოდმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება მიიღოს აპელაციები ნებისმიერი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან და თქვას გადამწყვეტი სიტყვა. 

მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გაგრძელდება. ავტოკეფალიის მინიჭების გზაზე მნიშვნელოვანი იყო სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიათა მეთაურებისთვის კანონიკური სტატუსის დაბრუნება და მათი თანაზიარებაში დაბრუნება.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ ეტაპზე აღადგინა კიევში საკუთარი სტავროპიგია. 

სინოდის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გადასცემდა უფლებას დაენიშნა კიევის მიტროპოლიტი. 

თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, ნავარაუდებია, რომ შედგება "გამაერთიანებელი კრება", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკვე კანონიკურ სტატუსში აღდგენილი იერარქების წარმომადგენლები - "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო" და "უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია", ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ის იერარქები, რომლებიც ემხრობიან ავტოკეფალიის მინიჭებას. სწორედ ახლადშექმნილ საეკლესიო სისტემას გადაეცემა ავტოკეფალიის ტომოსი.

კომენტარები