ქარიშხალი

აშშ-ში ქარიშხალ მაიკლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

The Independent

აშშ-ის სამხრეთით მეოთხე კატეგორიის შტორმმა მაიკლმა ფლორიდას, ჯორჯიას და ალაბამას შტატებს გადაუარა. ამჟამად ქარიშხალი შესუსტდა და როგორც ტროპიკულმა შტორმმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინასკენ გადაინაცვლა.

ქარიშხალმა დაანგრია სახლები, მოთხარა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 900,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა.

ფლორიდაში ქარიშხალმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთი ადამიანი დაიღუპა ჯორჯიას შტატში, ხოლო ერთი ჩრდილოეთ კაროლინაში. აშშ-ის სანაპირო დაცვამ 27 ადამიანის გადარჩენა შეძლო. 6,000-მდე ადამიანი დროებით თავშესაფრებში აფარებს თავს.

აშშ-მდე შტორმი ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნებს დაატყდა თავს და ჰონდურასში 6, ნიკარაგუაში 4 და ელ სალვადორში 3 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

კომენტარები