თამაზ ახობაძე

ახობაძე: ომბუდსმენის დასკვნამ შესაძლოა ჩემ წინააღმდეგ იმუშაოს, ვწუხვარ

ტაბულა

იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის დასკვნა მის საქმეზე, დიდი ალბათობით, მის წინააღმდეგ იმუშავებს. 

ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზანეს სასამართლოში დავა ორჯერ მოუგო, მეორედ - 23 ივლისს. უზენაესის ამ გადაწყვეტილებით, იუსიტიციის სამინსიტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. თუმცა, უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. 

იუსტიციის სამინისტრო მზად არის, ახობაძეს განაცდური აუნაზღაუროს, თუმცა, მის აღდგენაზე უარს აცხადებს, რაც სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულებაა, ახობაძე კი განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად აღდგენას ითხოვს. 

მან დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართა, თუმცა, ომბუდსმენის მიერ მომზადებული დასკვნით უკმაყოფილოა. 

"ძალიან ვწუხვარ, ამის დაწერა რომ მიწევს.

ამ ეტაპზე, ნაცვლად იმისა რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჩემს სასარგებლოდ ემუშავა, პირიქით ისე მოხდა, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მოჰყავს სათავისო არგუმენტად. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის მედიაშიც და სასამართლოზეც კი, გამოიყენონ.

ამიტომ ახლავე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ ვეთანხმები. უფრო მეტიც, წინასწარ რომ მცოდნოდა, სანამ გააგზავნიდნენ, მე თავად უარს ვიტყოდი ჩემი უფლების ამგვარად დაცვაზე.

დღეს ვესაუბრე მათ თანამშრომლებს. დაუშვეს ალბათობა, რომ შეიძლება მოხდეს რეკომენდაციების უკეთ განმარტება, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერი ვიცი.

ვწუხვარ", - დაწერა თამაზ ახობაძემ. ის მედიასთან ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა წერია ომბუდსმენის დასკვნაში.

მისივე თქმით, შესაძლოა პროკურატურას დანაშაულის პრევენციის ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მიმართოს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. 

თამაზ ახობაძე ანა სუბელიანთან ერთად იუსტიციის სამინისტროს სსპი-იდან, დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

თამაზ ახობაძის შემთხვევაში იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტაცნციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

კომენტარები