საბა 2018

ლაშა ბუღაძის გამოსვლა ფრანკფურტში: პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება

რუსული აგრესია, საბჭოთა მემკვიდრეობა, საქართველოს ხელისუფლება და პოეტ ზვიად რატიანის საქმე - ამ თემებზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ ფრანკფურტში, ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოების ცერემონიალზე, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ლაშა ბუღაძემ პრემია საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო.

გთავაზობთ მის გამოსვლას:


"[რომანში] თითქოსდა რაღაცნაირად ჩემს ამბავს აღვწერდი, მაგრამ პრინციპში გამოვიდა ჩემგან დანახული საქართველოს ამბავიც, 80-იანი წლებიდან დღემდე. ამიტომ, ძალიან ფამილიარული თუ არ ვიქნები და პათეტიკურად არ გაიჟღერებს ეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საყვარელ პატარა ქვეყანას, საქართველოს, რომელიც მართლაც ყველას ძალიან გვიყვარს, გვასაზრდოებს, მართალია, ზოგჯერ გვღლის კიდეც თავისი პრობლემებით, მაგრამ როგორც მწერლებისა და ადამიანებისთვის, ჩვენთვის ის ძალიან სათუთია.

მართლაც, ეს პატარა ქვეყანა ჩემთვის არის პრინციპის განსახიერება. ჩვენ ვლაპარაკობდით და ვახსენეთ კიდეც ქართული ლიტერატურა, რომელიც 15 საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა დაიწყო მე-5 საუკუნეში, იაკობ ხუცესის ტექსტით "შუშანიკის წამება". სადაც ასევე ამბავია პრინციპზე, რწმენაზე, სადაც ადამიანი იცავს ექსპანსიისაგან, აგრესიისაგან საკუთარ რწმენას, საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ჭეშმარიტებას, იმ შემთხვევაში ქრისტიანობას და ზოგადად, ღირებულებებს. როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან, კონკრეტულად, დღევანდელი პუტინის რუსეთისგან და ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემისა და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. გარდა იმისა, რასაც აღვწერთ ესთეტიკური თვალსაზრისით, როგორც მხატვრულ ლიტერატურას, მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ გვჭირდება გაფრთხილება.

ეს პატარა ქვეყანა არის დიდი კულტურის მქონე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეორე ძალიან დიდ ქვეყანას, პრინციპში, ბევრი ჩვენგანისათვის სულიერ სამშობლოს, გერმანიას, რომელმაც ასეთი დიდი შესაძლებლობა მოგვცა, რომ გაგვეფართოვებინა ლიტერატურისა და ზოგადად, საქართველოს კულტურის საზღვრები. წელს ბევრი იუბილეა: 100 წლის წინაც, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა სწორედ გერმანიის ძალიან დიდი მხარდაჭერით და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა ამ ძალიან დიდ ქვეყანას.

ჩემს ქვეყანაში მართლაც ძალიან ბევრი რამ საინტერესო ხდება და ყველა ჩემს კოლეგას, მწერლებს, პოეტებს უღრმეს მადლობას მოვახსენებ. მე მათი მკითხველიც ვარ და გარწმუნებთ, ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ბევრ ამბავს ვყვებით. ქართული ლიტერატურა არის, ამ სიტყვის ძალიან სწორი გაგებით, ძალიან გულწრფელი, ძალიან მართალი. ქართული ლიტერატურა ყოველთვის რეფლექსირებს სამართლიანად თავის დროს.

ახლაც, როდესაც ამ დღეების განმავლობაში წიგნებს წარვადგენთ, ჩვენ ვახსენებთ იმ დიდ ქართველ მწერლებსაც, რომელთაც ისტორიული უსამართლობის გამო, რკინის ფარდის გამო, რომელიც ბოლშევიკებმა ჩამოკიდეს საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 70 წლით დააგვიანეს ევროპაში მოსვლა. ჩვენ ვლაპარაკობთ ტიციან ტაბიძეზე, ტრაგიკული ბედის მქონე გალაკტიონ ტაბიძეზე და უამრავ ავტორზე, რომლებიც წლები ელოდნენ ამ დიდ შესაძლებლობას, რომ აქ მოსულიყვნენ. ჩვენს წიგნებთან ერთად, პრინციპში, მათაც წარვადგენთ, როგორც დებიუტანტებს - დავით კლდიაშვილს და თუნდაც, შოთა რუსთაველს.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ქართველი მწერალი, როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, შესაძლოა, სადაც ყველაა, იქ არ იყოს, მაგრამ ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას: ხშირად შეიძლება ეს იყოს ძალიან მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისათვის. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები ხდება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან და აგერ იყო ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ. ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს.

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება."

კომენტარები