მარიხუანას ლეგალიზაცია

ჯაფარიძე "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე": კანონს დავარღვევ მარტო მე

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook

პარტია "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერნცია გამართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

შსს-მ გირჩის მიერ დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალთან“ დაკავშირებით გამოძიება სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით რის გაკეთებასაც 20 ოქტომბერს აპირებს სამოქალაქო დაუმორჩილებლოს აქტია, თუმცა კანონს არ არღვევს, რადგან ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიჭა:

"ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია გარდა "გირჩისა"."

მისი თქმით ფესტივალი ჩატარდება:

"არც ერთ მონაწილეს არავინ არ სთხოვს რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე, ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტობის კანდიდატუ ზურაბ ჯაფარიძე. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად და გასართობად. მე პირადად ვაპირებ რომ მოვიდე ოჯახის წევრებთან ერთად. თუ შსს-ს განცხადება არის სერიოზული, გაქვთ შანსი ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს." თქვა მან.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში უნდა გაიმართოს. ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, მისი გაზრდის ან ყიდვის უფლებას გულისხმობს.

„ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში, 4:20 სთ-ზე შევიკრიბოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა სწორად განვმარტოთ სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე. კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო. მათ, ვისაც სურს ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია გაყიდოს, გთხოვთ, მოგვწეროთ გირჩის ინბოქსში“, - ვკითხულობთ გირჩის ღონისძიების აღწერაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“, - თქვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები