საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სატვირთო ავტომობილს, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ნატახართან ახლოს დაიწვა, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა:
"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ - სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები." ნათქვამია განცხადებაში.