ასტროფიზიკა

სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი ნაშრომი გამოქვეყნდა

0 კომენტარი
სტივენ ჰოკინგი

სტივენ ჰოკინგის კოლეგებმა ჟურნალ arXiv-ში სახელგანთქმული კოსმოლოგის უკანასკნელი ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელიც შავი ხვრელების ინფორმაციულ პარადოქსს შეეხება და ჰოკინგის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა დასრულებული.

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, შავი ხვრელის მიზიდულობა იმდენად დიდია, რომ მას თავს ვერაფერი აღწევს და ის მხოლოდ სამი თვისებით - მასით, მუხტით და სპინით შეიძლება დახასიათდეს. ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოქვეყნებიდან 60 წლის შემდეგ, ჰოკინგმა დაამტკიცა, რომ შავ ხვრელს ტემპერატურაც აქვს და სუბატომურ ნაწილაკებს გამოასხივებს. ამას ჰოკინგის გამოსხივება ეწოდება და მისი არსებობა ნიშნავს, რომ საბოლოოდ შავი ხვრელი გაქრება და მის ადგილას სიცარიელე, ვაკუუმი დარჩება.

ამ იდეას თან ახლდა ერთი პრობლემა, ფიზიკის კანონების თანახმად ინფორმაცია არასდროს იკარგება. მაშინ, რა ემართება ინფორმაციას, როცა ობიექტს შავი ხვრელი შთანთქავს? თუ ობიექტს შავ ხვრელში ჩავაგდებთ, შავი ხვრელის ტემპერატურა შეიცვლება, ისევე როგორც მისი უწესრიგობის ზომა, ენტროპია, რომელიც ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება.

ახალგამოქვეყნებულ ნაშრომში, ჰოკინგი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია შავი ხვრელის ენტროპიის შესახებ შესაძლოა ინახებოდეს შავ ხვრელის "მოვლენათა ჰორიზონტის" (ზღვარი, რომლის მიღმაც სინათლეს აღარ შეუძლია თავი დააღწიოს შავი ხვრელის გრავიტაციას) ირგვლივ მყოფ ფოტონებში. ამ ფოტონების გარსს ავტორები "რბილ თმას" (Soft Hair) უწოდებენ. 

კვლევის თანაავტორების თქმით, ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და გამოსაკვლევია, თუ როგორ ინახება ენტროპიასთან დაკავშირებული ინფორმაცია და რა ემართება მას შავი ხვრელის გაქრობის შემდეგ. 

The Guardian-თან ინტერვიუში კემბრიჯის პროფესორი მაიკლ პერი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ჰოკინგის ბოლო დიალოგი იყო მეცნიერების შესახებ. პერის თქმით, ის ვერ აცნობიერებდა, თუ რამდენად ავად იყო ჰოკინგი, როცა ნაშრომთან დაკავშირებული სიახლე მეცნიერს სიკვდილამდე ორი დღით ადრე შეატყობინა. 

"მისთვის კომუნიკაცია ძალიან რთული იყო და ამიტომ ხმამაღალი საუბრის რეჟიმში გადავრთე, რათა ამეხსნა სადამდე მივედით. როცა ავუხსენი, მან უბრალოდ ფართოდ გამიღიმა. მე ვუთხარი რომ რაღაცას მივაღწიეთ, მან გაიგო საბოლოო შედეგი." - ამბობს პერი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები