ვანო მერაბიშვილის საქმე

პენიტენციური სამსახური: ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა. მათივე ინფორმაციით, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებს ინფორმაციას მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილს უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა კლინიკაში „მედიქლაბ ჯორჯია“, სადაც მას დამატებით ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია და მათ მიერ რეკომენდებული გამოკვლევები. ამასთანავე, ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე:  რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი"-ს მიერ.

მიღებული პასუხის შედეგად  ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე,  კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.

კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ რეკომენდაცია გაიცა" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები მის მიზანმიმართულ ინტოქსიკაციას არ გამორიცხავდნენ. მათივე თქმით, მერაბიშვილის მდგომარეობა ბევრად მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს. ადვოკატების თქმით, მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი. მათი განცხადებით,  სიმპტომის გამომწვევი მიზეზების დადგენა იმიტომ გართულდა, რომ გამოვლენისთანავე არ ჩატარდა კვლევა.

ვარაუდზე, რომ შესაძლოა, მოწამლეს, რუსთავი 2-თან ინტერვიუში თავად ვანო მერაბიშვილმაც ისაუბრა.

"საკუთარ თავზე განცხადების კეთება უხერხულია, თუმცა ჩემი მეგობრები ზოგი დარწმუნებულია და სხვებს ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ დაავადების სიმპტომებისა არის ინტოქსიკაცია. სხვათაშორის, მე სიმპტომებს როდესაც მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომელიც დადგენილი არ არის. მათი სიტყვები იწვევს გარკვეულ ეჭვს ჩემს მეგობრებში.

თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, დარწმუნებული ვარ, რომ, მარტივი დარიშხანით ან საწამლავით არ მომწამლავენ, იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენი საუბარი მიდის დღეს ნერვულ პარალიზებაზე თუ საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავსი მოწამვლა თუ იქნებოდა, ამის დადგენა რთული იქნებოდა.

მაგალითისათვის, თუ გახსოვთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო როდესაც მოწამლეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მკურნალობა გაიარა მოწინავე კლინიკებში, დღემდე არ არის დადგენილი მოწამვლის საშუალება. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის - რომ ვიცოდე, რომ მე ხვალ მომწამლავენ, გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხავდა და მაინც არ შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს და მაინც, ასე ვთქვათ, მე მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როდესაც ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის" - თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები