ბრაკონიერობა

პანკისში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი მოკლეს

biolib.cz

პანკისის ხეობაში არჩვი მოკლეს, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. ბრაკონიერები სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აღმოჩნდნენ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გადამოწმების მიზნით გააჩერეს მოქალაქე, რომლებსაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი აღმოაჩნდათ. 

შემდგომი შემოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ.

"ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს. 

​საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. 


ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

კომენტარები