ფარული აუდიოჩანაწერები

ადვოკატები: სუბელიანმა დაადასტურა, რომ მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს უკანონოდ საკნიდან

Reuters

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, "რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ნამდვილად გაიყვანეს ფარულად და უკანონოდ საკნიდან, იმჟამინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად.

"მირზა სუბელიანის საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ დანაშაულში ჩართული იყო მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობა განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებითაც, რის გამოც მის მიმართ დადგინდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილი წარმოადგენს ერთადერთ პოლიტპატიმარს, რომელიც მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოში საქმის 18-ე მუხლით მოგებისა, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ივანე მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. გარდა ამისა, მოვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლების, მათ შორის ოთარ ფარცხალაძისა და იმჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის, ასევე ამ უკანონო ქმედების დამკვეთების წინააღმდეგ" - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, გუშინ გაავრცელა. მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

კომენტარები