ფარული აუდიოჩანაწერები

"უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ" - უსუფაშვილი ივანიშვილისთვის 2015 წელს მიწერილს აქვეყნებს

government.gov.ge

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, მას მირზა სუბელიანის მონათხრობი არ გაკვირვებია და ადვილად ირწმუნა. 

"დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა. "რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ - ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც "ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე "წვრილიც გაწყდა“ და "კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს" - აცხადებს უსუფაშვილი და წერილს აქვეყნებს.

"ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული "ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე "კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც" - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

რას წერდა დავით უსუფაშვილის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს 2015 წლის 18 სექტემბერს

"თქვენ მე საქვეყნო საქმის საკეთებლად დამიძახეთ და მე თქვენ საქვეყნო საქმის კეთებაში გამოგყევით. მე თქვენი ვირწმუნე და თქვენთან პატიოსანი და უღალატო საქმიანი ურთიერთობებისთვის განვეწყვე. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის, ადამიანურად რთულად გადასატანი ბრალდებებისა და უნდობლობისა, ეს განწყობა არ შემიცვლია.

ბოლო 4 წელია ნემსის ყუნწში ვძვრები იმისათვის, რომ თუკი რამე შემიძლია და თუკი რამე ვიცი, თქვენთან ერთად იმ საქმეს მოვახმარო, რასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ვემსახურები. ამ საქმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის უფსკრულიდან ამოსვლა და თავისუფალ სამყაროსთან ზიარება ჰქვია. ამისათვის მიწევს უამრავი მსხვერპლის გაღება, პირადულიც, ოჯახურიც, პარტიულიც, კოალიციურიც. ამისათვის ამიტანია და კვლავაც ავიტან უამრავ რამეს, მათ შორის, თავმოყვარეობის ხარჯზეც. მაგრამ მეც მაქვს ზღვარი...

ამასობაში, კოალიცია და ქვეყანა წალეკა არაკომპეტენტურობამ, უღირებულებობამ, უსისტემობამ, არაორგანიზებულობამ, მაამებლობამ, კანონის იგნორირებამ.

სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდაუვალია რაღაც საკითხების ცოტა „სხვაგვარად მოგვარება“. მაგრამ ბევრი ჩვენი ასეთი ქმედება არა თუ „თეთრი ძაფითაა“ უკვე ნაკერი, რომელიც ადვილად შეიძლება შეამჩნიოს ვინმემ, არამედ „წითელი ძაფითაა“ ნაკერი, რომლის ვერ შეჩნევაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი სახე მიიღო, მაგალითად, უგულავას საქმემ.

და დღეს უკვე უგულავას ეპოპეის, ისევე, როგორც სხვა მრავალი უბედურების, შემომქმედები აქეთ იშვერენ ხელს, მე მაქვს მათთან თავი სამართლებელი და, შესაძლოა, თქვენ ვეღარ მოახერხოთ მათთან ჩემი დაცვა? იმ მთავარ პროკურორთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც პრემიერს არწმუნებდა, რომ ერთი მოსამართლის უცხოეთში ყოფნის გამო ერთი კვირით შეიძლებოდა საქმის განხილვის გადადება? იმ მინისტრთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც გარწმუნებდათ, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა? იმ ხალხთან მაქვს რამე დასამტკიცებელი, ვინც „ავადმყოფი ტურავას“ ხელმოწერის არ დასმით ცდილობდა გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? ქვეყნის იმ „აღმაშენებლებს“ უნდა დავუმტკიცო ჩემი მოკრძალებული საჭიროება კოალიციაში, ვინც წელიწად-ნახევარში უგულავას განაჩენი ვერ უზრუნველყო და „უგულავები“ წამებულის შარავანდედით შემოსა? იმ ზონდერ-მოსამართლეებთან მაქვს ჩემი სარგებლიანობა დასამტკიცებელი, რომლებიც დღესაც სათავისოდ აკონტროლებენ სასამართლოს და ნაღმებზე გვსვამენ? მე პირადი და პარტიული ინტერესების გამო ვანგრევ სახელმწიფოს და ისინი აშენებენ, ვინც თქვენთვის საამებლად და სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები?

კი ბატონო. იყოს ეს საქმე სიმბოლურიც და გადამწყვეტიც. სიცხადე და გარკვეულობა თქვენც გჭირდებაც და მეც. რაც მთავარია, საქმეს სჭირდება სიცხადე. მივიღოთ გადაწყვეტილებები - ერთად თუ ცალკ-ცალკე".

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, გუშინ გაავრცელა. მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

კომენტარები