ფარული აუდიოჩანაწერები

ვიქტორ ჯაფარიძე: შევატყვე მირზა სუბელიანს, რომ ის მთლად დალაგებული არ საუბრობდა

ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შეფასებით, "მირზა სუბელიანი მთლად დალაგებული არ საუბრობდა". მან TV პირველის ეთერში იმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომლის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერებიც რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა. დეპუტატის თქმით, მას მირზა სუბელიანის ბრალდებები სერიოზულად არ მიუღია. მან თქვა, რომ ციხეში ორჯერ თუ სამჯერ შევიდა "მირზა სუბელიანის დაჟინებული თხოვნით და მისი ოჯახის თხოვნით".  

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მირზა სუბელიანი არის დიდი სტრესის ქვეშ, აქვს სერიოზული პრობლემები, ჯანმრთელობისაც, როგორც ვუყურებდი. განიცდის ძალიან, რომ ორი ახალგაზრდა დაიღუპა, განიცდის თავის ბედს, ოჯახზე ნერვიულობს, არის სამარტოო საკანში და მე შევატყვე მირზას, რომ ის მთლად დალაგებული არ საუბრობდა... მე არ ჩავთვალე სერიოზულად მირზა სუბელიანის საუბარი და ამიტომაც, მასზე არ გამიკეთებია არანაირი რეაგირება. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ არასერიოზული საუბარი ჰქონდა მირზა სუბელიანს და რეალურად არ ჩავთვალე სერიოზულად, ისეთ რაღაცეებს საუბრობდა... ადამიანს ალბათ 20 კილო აქვს დაკლებული, ძვალი და ტყავია დარჩენილი და მთხოვეს, შევსულიყავი და მენუგეშებინა. მე ესეც ვუთხარი - მირზა, რატომ ხარ მარტო საკანში, ვიღაცასთან ერთად იყავი, რომ დაელაპარაკო, რაღაცა, შენი დარდი გაუზიარო, დაიცალო, გაგიჟდები ასე მარტო თქო, რა" - ამბობს ჯაფარიძე და მთავარ პრობლემად იმას ხედავს, რომ ფარული ჩანაწერი გაკეთდა.

"უფრო საინტერესოა ის, რომ პატიმარმა მოითხოვა ჩემი შესვლა, შევედი და როგორ შეიძლება, ეს ჩანაწერი გაკეთებულიყო. მთავარი ეს უნდა იყოს და იქ, ჭკუაარეულმა კაცმა რეები ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა. შეიძლება, საკუთარი თავის დაცვას ცდილობს და იძახდა კიდეც, რომ მე ყველაფერს ვიტყვი, იმას ვიტყვი, ამას ვიტყვი... თავს იცავს, როგორც ჩანს" - თქვა დეპუტატმა TV პირველის ეთერში.

კითხვაზე, "რამ აურია ჭკუა", ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს, რომ "ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს, წეღან ის თქვით, ვანო [მერაბიშვილიც ხომ სამარტოო საკანშია რამდენიმე წელია], ყველას ხომ ერთნაირი ის არა აქვს, ნერვები, არა?".

ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, მირზა სუბელიანის ნათქვამზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება.

"ეს არის საკანში გამომწყვდეული ადამიანის აზრები, არ ვთვლი ამას სერიოზულად. იმდენად არასერიოზულად მივიჩნიე, რომ აღარც ვუსმენდი, რას ლაპარაკობდა და ახლა მე რავიცი.. ეს მათი მეთოდია, ვინც ადრე ამას აკეთებდა, ახლაც იგივეს აკეთებს, რა მიჭრეს, რა მოჭრეს და რეალურად რა არის, ეგეც არ ვიცი. მე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს" - ამბობს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ის ჯერ არ დაუკითხავთ.

"მერე მეც დაბარებული ვარ და როცა დამიძახებენ, ალბათ დრო არის განსაზღვრული, მერე მეც დამიბარებენ და მივალ. რა პრობლემაა, რა მაქვს დასამალი. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ" - თქვა დეპუტატმა.

კითხვაზე, ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა და გაევრცელებინა აუდიოჩანაწერი, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს, რომ ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა.

"საინტერესოა, რისთვის იყენებენ ამას, ეს ხომ სპეციალურად არჩევნებისთვის დადგმული სპეტაკლი არის, არა? მე ხელს ვერავის დავადებ, ვის დავადებ, მე ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ვისი ხელწერაც არის, კარგად იცით და ყველა იმ ამბის მომსწრე ხართ, ვინც ამ სპეტაკლებს აკეთებდა და წერდა და იმათი ნარჩენები არიან ისევე დარჩენილი იმ სისტემაში. ისინი აკეთებენ ამ სიბინძურეს და ცდილობენ, დააშანტაჟონ ხალხი" - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, გუშინ გაავრცელა. მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

კომენტარები