დროებითი საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიის წევრები: აუდიოჩანაწერებმა კომისიის დასკვნა დაადასტურა

პარლამენტი

საგამოძიებო კომისიის წევრები რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურებიან.

ტაბულა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერის შესახებ მათი აზრი მოისმინა. [კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.]

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგო რატიანმა ტაბულასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნის სისწორე.

რატიანის თქმით, ხელისუფლება არამარტო აფარებდა ხელს დამნაშავეს, არამედ მირზა სუბელიანთან ერთად ერთობლივად მოქმედებდა ამ საქმეში:

"ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები. კომისიამ დადო დასკვნა, რომ პროკურატურა ხელს აფარებდა დამნაშავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ხელს აფარებდნენ. ამის კავშირი მირზა სუბელიანთან დადგენილია. დადგენილია ისიც, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა და ამ საქმეში ერთობლივად მოქმედებდა მირზა სუბელიანთან ერთად".

ევროპული საქართველოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ სუბელიანისა და ხელისუფლების ქმედებები დაკავშირებულია ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან - "ჩვენ ვამბობდით, რომ მირზა სუბელიანის ქმედებები და ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები გარკვეულწილად დაკავშირებულია ვანო მერაბიშვილის გაყვანასთან, მაგრამ ვამბობდით ასევე, რომ გამოსაძიებელია კიდევ სხვა კავშირები და ამ სხვა კავშირებთან დაკავშირებით იყო საინტერესო გუშინდელი ჩანაწერები", - ამბობს სერგო რატიანი.

"ამ ჩანაწერებმა ერთის მხრივ დაადასტურა კომისიის დასკვნები, მაგრამ ასევე გახსნა ახალი "პანდორას ყუთი" ამ ხელისუფლების მიმართ. თავისთავად მნიშვნელოვანი იყო კომისიის მუშაობა იმ მხრივაც, რომ გამომჟღავნდა ხელისუფლებისა და სუბელიანის ქმედებები და ძირითადი პრეტენზია, რაც ჰქონდა სუბელიანს, მას ანაღვლებდა კომისიის დასკვნა, რომ კომისიამ გამოიძია ის, რომ სუბელიანი მივიდა ქალაქის პროკურორ შაყულაშვილთან , პირველივე დღიდან ხელისუფლებამ  და პროკურატურამ იცოდა და  სუბელიანის ქმედებების შესახებ. კომისიამ დაადგინა,რომ ცრუ ჩვენება მისცა კომისიას სუბელიანმა, რადგან შაყულაშვილს ჰქონდა სხვა ჩვენება,შესაბამისად ამ მიმართულებით გავეცით რეკომენდაცია, რომ სუბელიანის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნა ტაბულასთან საუბრისას სერგო რატიანმა.

ოთო კახიძის თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ ეს საქმე დალაგებული იყო პირადად მირზა სუბელიანის მხრიდან.

ტაბულასთან საუბრისას კახიძემ აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანმა კომისიაზე დაკითხვისას დამალა პროკურორთან შეხვედრის ფაქტი, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ კომისიას სუბელიანის პასუხისგების საკითხი დაესვა.

"სუბელიანმა დამალა პროკურორთან მისი შეხვედრის ფაქტი, როდესაც კომისიას აძლევდა ახსნა-განმარტებას. ეს გახდა საფუძველი კომისიისთვის, რომ დაესვა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი, წინასწარ განმარტების მიცემა არის სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული და ამან გამოიწვია რყევა და აურზაური. ამავე დროს დადასტურდა, რომ სუბელიანის პატიმრობა არის გარიგების და არა მართლმსაჯულების აღსრულების შედეგი, ეს დამატებითი გარემოებაა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების წინააღმდეგ მოქმედებდა მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, როგორც შსს, ასევე პროკურატურა" - ამბობს უმცირესობის დეპუტატი ოთო კახიძე.

კახიძის თქმით, პროკურატურისა და მმართველი გუნდის მხრიდან საქმის შესაბამისად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან უკანონობის მონაწილენი თავად არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავის 2-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

ჩანაწერის თაობაზე პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დამატებითი ინფორმაცია პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

კომენტარები