ფარული აუდიოჩანაწერები

უგულავა: ხორავას საქმეში სუბელიანის დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე შეუტყობინებლობა 

გიგი უგულავა
ტაბულა

"უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არის ორლესული მახვილი და მას როდესაც შენ გამოიყენებ, აუცილებლად დადგება დრო და გამოიყენებენ შენ წინააღმდეგ",- ასე მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერი და ამასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ შეაფასა. 

როგორც უგულავამ ტვ პირველის ეთერში თქვა, ტრაგედიაა, რომ ინსტიტუტების მიმართ ნაკლები ნდობა არსებობს, ჩანაწერების მიმართ მეტი და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა დაიძლიოს. 

"სურათი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კატასტროფულად მძიმე. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის სერიოზული ნიშნები, რომ ხელისუფლებას და ივანიშვილს ქვეყნის მართვის სადავეები საერთოდ გაშვებულია ხელიდან და ეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ასეთ სახიფათო მდგომარეობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - თქვა უგულავამ 

მისივე თქმით, სუბელიანმა ისაუბრა იმაზე, რაც წერია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. 

"რომ სუბელიანი არის საკვანძო ფიგურა, სუბელიანის მიმართ აღძრული საქმე დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით არაადეკვატურია, რადგან გაცილებით მძიმეა მისი მონაწილეობა, პრაქტიკულად ის გამოძიება წარმართავდა და კერავდა ისე, როგორც მას სურდა, დანარჩენ პროკურორებთან უნისონში. ეს ყველაფერი მკაფიოდ წერია, ჩვენ დამატებით მოვისმინეთ ის, რაც შოკისმომგვრელია.

შოკისმომგვრელი იყო ის ნაწილი, როდესაც საუბრობს ბავშვების ცემაზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით. სუბელიანს ეს ხალხი უფრთხილდებოდა. ის, როგორც ჩანს, ინტეგრირებული და სისხლხორცეული ნაწილი არის ამ ხელისუფლების, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და რომ არა ბატონი ზაზა სარალიძის აქტიურობა, ჩვენ ვერც იმას ვიხილავდით, რომ სუბელიანი არაადეკვატური წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ ქართული ოცნება თავის ყველაზე გახრწნილ და სასრულ ფაზაშია შესული.დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს უკვე ესმის, რომ ბორბალი უკვე უკუღმა ტრიალებს და ის რაც მათ აქამდე გაუკეთებიათ, გინდა კარგი, გინდა ცუდი, მნიშვნელობა არ აქვს, ხალხს ბეზრდება და ოცნება განწირულია. როგორც მმართველი პარტია, უკვე ბოლო ფაზაშია და ის წარმოადგენს არა მმართველ, არამედ რაღაცნაირ გაბატონებულ პარტიას, მაგრამ 28 ოქტომბერს საზოგადოება მათ უარს ეტყვის", - ამბობს გიგი უგულავა. 

ფარული ჩანაწერი, რომელშიც მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან და გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.

სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება". 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

ჩანაწერებზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაზე "გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით". 

კომენტარები