გერმანია

მერკელის მოკავშირე CSU-მ ბავარიის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

Getty Images

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის მოკავშირემ, ბავარიის ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ადგილობრივ არჩევნებში 1950 წლის შემდეგ ხმათა ყველაზე დაბალი რაოდენობა აიღო.

2013 წელთან შედარებით მათი პოპულარობა 10%-ით შემცირდა და ხმათა მხოლოდ 37% დააგროვეს. 1957 წლის შემდეგ პარტიამ პირველად დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ პარლამენტში.

არჩევნებში მეორე ადგილი მწვანეთა მოძრაობამ დაიკავა ხმათა 17.5%-ით, რაც გასულ არჩევნებთან შედარებით თითქმის 9%-იანი ზრდაა. მესამე ადგილს მემარჯვენე "ბავარიის თავისუფალ ამომრჩეველთა" პარტია იკავებს ხმათა 11.6%. არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტიან-სოციალური კავშირი სამთავრობო კოალიცია სწორედ ამ პარტიასთან ერთად შექმნის.

პარლამენტში შესვლა მოახერხა ულტრა-მემარჯვენე ანტი-საიმიგრაციო პოპულისტურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისათვის". მათ ხმათა 10.2% მოიპოვეს.

დანაკარგი აქვს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასაც, რომელთაც 2013 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 11%-ით ნაკლები, ხმათა მხოლოდ 9.7% მიიღეს.

ზოგიერთი მოსაზრებით ქრისტიან-სოციალური კავშირის დანაკარგი მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებს უკავშირდება.

მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ცნობები, რომ ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი, ჰორსტ ზეეჰოფერი პროტესტის ნიშნად გერმანიის მთავრობისა და საკუთარ პარტიაში დაკავებული თანამდებობების დატოვებას აპირებდა.

ზეეჰოფერის აზრით გერმანიას უნდა ჰქონოდა უფლება მიღებაზე უარი ეთქვა იმ მიგრანტებისათვის, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, მას 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ შემოღებული ღია კარის პოლიტიკის გაუქმება სურდა. ცვლილება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების ღია საზღვრების სისტემაზეც მოახდენდა გავლენას და ანგელა მერკელი მას ეწინააღმდეგებოდა.

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

საბოლოო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის შიდა მიგრაციას შეზღუდავენ, თუმცა საერთაშორისო კანონების ფარგლებში კონკრეტული ზომების მიღება თავად ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბლოკის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და თურქეთის, მაროკოსა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებისათვის დაფინანსების გაზრდას, რათა ევროპაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა გააძლიერონ.

გერმანია მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან პირდაპირ მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. მათ შორის შეთანხმება შედგა საბერძნეთთან, რომელიც გერმანიას თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ევროპულ ქვეყნებში გაბრუნებას გაუადვილებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში გერმანიაში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტიამ (CDU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს.

კომენტარები