ფარული აუდიოჩანაწერები

ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხეს

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოჰკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მხოლოდ დაადასტურა, რომ ის მართლაც შეხვდა მირზა სუბელიანს.

ჟურნალისტების სხვა კითხვებს ჯაფარიძემ არ უპასუხა. 

დეპუტატი პროკურატურაში იმ ჩანაწერების გამო გამოკითხეს, რომელიც გუშინ გავრცელდა და რომელშიც ის მირზა სუბელიანთან საუბრობს. 

ფარული ჩანაწერი, რომელშიც მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან და გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.

სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება". 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

ჩანაწერებზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაზე "გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით". 

კომენტარები