უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდი შეიკრიბა და კონსტანტინოპოლისთვის პასუხს ამზადებს

პატრიარქი ბართლომე და პატრიარქი კირილი

ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომელმაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებას უნდა უპასუხოს.

სინოდის შეკრებამდე მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლები "უმკაცრესი ზომების" მიღებაზე საუბრობდნენ, თუმცა საპასუხო ზომების დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ.

მინსკში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. 

თუ მსოფლიო პატრიარქის მხრიდან, უკრაინაში ეგზარქოსების დანიშვნის საპასუხოდ მოსკოვმა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოხსენიება შეაჩერა, დღევანდელი გადაწყვეტილებით შესაძლოა ორ ეკლესიას შორის საერთოდ გაწყდეს ევქარისტიული კავშირი. რელიგიის მიმომხილველები არ გამორიცხავენ უფრო მკაცრი ზომების მიღებასაც.

კონსტანტინოპოლის ეკლესიას განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძოს. წმიდა სინოდმა ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უკვე გადადგა. აქამდე სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიის მეთაურები, მრევლთან ერთად ეკლესიის წიაღში დაბრუნებულად ცნო, კიევში საკუთარი მმართველობა აღადგინა და მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოაცხადა.

გთავაზობთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებას:

"მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით 2018 წლის 9-11 ოქტომბერს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით შეიკრიბა წმინდა და სამღვდელო სინოდი.

წმინდა სინოდი გამოწვლილვით და დიდხანს იხილავდა უკრაინის საეკლესიო საქმეს, რომელსაც ესწრებოდნენ ყოვლადსამღვდელო საპატრიარქო ეგზარქოსები უკრაინაში, პამფილელი მთავარეპისკოპოსი დანიელი და ედმონტელი ეპისკოპოსი ილარიონი და ფართო განხილვის შემდგომ განჩინებულ იქნა შემდეგი:

  1. დამტკიცდეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას უბოძოს ავტოკეფალია;
  2. აღდგენილ იქნეს დღეიდან მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია კიევში, რომელიც ერთ-ერთია უკრაინაში მუდამ არსებული სტავროპიგიებიდან;
  3. მიღებულ და შესწავლილ იქნეს ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების სააპელაციო თხოვნა, რომლებიც სქიზმაში გავიდნენ არა დოგმატურ მიზეზთა გამო. ეს შეესაბამება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ უფლებამოსილებებს, რომ განიხილოს ამგვარი მიმართვები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქთაგან და მღვდელმსახურთაგან. ამრიგად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგენილ იქნენ მათ საეპისკოპოსო და სამღვდელო ხარისხში, ასევე აღდგენილ იქნეს მათი მრევლის თანაზიარება ეკლესიასთან;
  4. გაუქმდეს 1686 წლის სინოდური სიგელის მოქმედება, რომელიც გამოცემულ იქნა იმ დროის გარემოებათა გათვალისწინებით და იკონომიის წესით უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს, ხელი დაესხა თავისი სასულიერო და საერო პირთაგან შემდგარი კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისათვის. იგი ვალდებული იყო ყველა ღმრთისმსახურებისას მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც თავისი პირველიერარქი და ამით განეცხადებინა და დაემტკიცებინა თავისი კანონიკური მორჩილება კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიასთან;
  5. მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა ქონების დაუფლებისგან, აგრეთვე სხვა სახის ძალადობისგან ან შურისძიებისგან, რათა სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული ქრისტესი.

კომენტარები