საქართველოს ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში ორივე გუნდი მოსაგებად ითამაშებს

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

ხვალ, ჩვენი დროით 22:45-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩს ჩაატარებს. ლატვიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ერთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშით, ლატვიას მეტი ქულა უნდა ჰქონოდა. ჩვენი მეტოქე სტანდარტულებში სახიფათოა და ვეცდებით, საჰაერო ორთაბრძოლები მოვიგოთ. ხვალინდელ მატჩში ორივე გუნდი მოსაგებად ითამაშებს და გახსნილი ფეხბურთის მოლოდინში ვართ.

ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსები ჯერ კიდევ ყველა გუნდს აქვს. მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების მეკარე და დაცვის ხაზი საიმედოდ თამაშობენ.

თავდამსხმელის დამატებაზე მართლაც ვფიქრობდი, მაგრამ ეს “ცხელ გულზე“ ნათქვამი უფრო იყო. გადავწყვიტე, შემადგენლობა არ შემეცვალა და აღარავინ გამოვიძახე.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერი საქართველოს ნაკრების ხელშია და ვეცდებით, ქულები მეორე წრეშიც მოვაგროვოთ.

ჩემს განკარგულებაში მოედნის 20 ფეხბურთელია და წინა მატჩის შემდეგ ცვლილებები აუცილებლად იქნება. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, ის ნაკრების დებიუტანტია და ახლა ექსპერიმენტების დრო ნაკლებადაა. ვფიქრობ, მისი თამაში მატჩის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ჯანო ანანიძე მოედანზე 90 წუთის გასატარებლად ჯერ მზად არაა. შესაძლოა, მან კვლავ 20-25 წუთი ითამაშოს“, - თქვა ვაისმა.

ვაისის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამაც გააკეთა:

"პირველ მატჩში, ლატვიამ დაცვითი ფეხბურთი დაგვიპირისპირა, რამაც საქმე გაგვირთულა. ასეთ დროს, საგოლე მომენტების შექმნა ყოველთვის რთულია. კარგი იქნება, თუ ხვალ ლატვიელები შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. მათ 3 ქულა სჭირდებათ და წინ წასვლა მოუწევთ. ამ დროს, ჩვენს ძალებს კიდევ უფრო უკეთესად წარმოვაჩენთ".

9 ქულით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის D ჯგუფს ლიდერობს და ხვალინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს საბოლოოდ დაისაკუთრებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები