ფარული აუდიოჩანაწერები

პრეზიდენტი ფარულ ჩანაწერებზე: მინდა, ვეთათბირო ჩვენს მთავრობას

პარლამენტი

"მინდა, ვეთათბირო ჩვენს მთავრობას" - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება შეშფოთებულია.

"მე არც არასდროს გამიკეთებია და არც მომავალში თვითონ ჩანაწერებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მიმაჩნია, რომ ეს ის სტანდარტია, რომლის შენარჩუნება პრეზიდენტის მიერ მაინც არის კარგი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიისთვის. ამავე დროს იმასთან დაკავშირებით როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია, ამ მიზნისთვის და მათთვის ჩემი შეშფოთების გაზიარების მიზნით, საკითხს ვაყენებ მთავრობის სხდომასთან მიმართებით. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვეთათბირო ჩვენს მთავრობას" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს სტაბილურობა ეფუძნება მოქალაქეების შეგრძნებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იცავენ მათ უფლებებს, სიცოცხლეს და ქვეყანაში სტაბილურ გარემოს.

"ამ თვალსაზრისით, მე არ ჩავუღრმავდები თუ როგორია ვითარება. მე საზოგადოების განცდას მოგახსენებთ. საზოგადოება შეშფოთებულია, სწორედ აქედან გამომდინარე, ადეკვატური ზომები უნდა მივიღოთ, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ საქართველოს რესპუბლიკაში მართლწესრიგის ეფექტურად აღსრულების ბერკეტები ხელში უჭირავს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, არა რაიმე სხვა სტრუქტურას და ამ ბერკეტებს ის კანონისა და სამართლის სრული დაცვით ახორციელებს. ეს გრძნობა ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ქართულ სახელმწიფოში, ამ გრძნობის დაკარგვა არის ძალიან მძიმე დარტყმა იმაზე, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი - სახელმწიფოზე" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ორი დღის წინ გავრცელდა ფარული აიდიოჩანაწერი, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

კომენტარები