პრეზიდენტი "ომეგას" საქმეზე: პრობლემურია, რომ ეს საკითხი არაადეკვატურ სიცილს იწვევს

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "შემაშფოთებელი იყო ტელეკომპანია იბერიასა და ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები". მან დღევანდელ ბრიფინგზე ფარულ აუდიოჩანაწერებსა და ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკური რეაქცია, რაც ამ საკითხთან მიმართებით გამოვლინდა, პრობლემურია. პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ოქუაშვილის ბრალდებები "ანეკდოტების სიაში შევა".

"არც აქამდე, არც დღეს, არ ვაკეთებ ფარული ჩანაწერების შეფასებას. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა, რომ შევინარჩუნო. ამავე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებით გამოვლინდა.

ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით, რომ ეს თურმე ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო, ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელია. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში, ის რაც საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელია, არაადეკვატურ სიცილს და ღიმილს იწვევს, ეს ჩემი აზრით, თავისთავად პრობლემურია" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთავი 2-მა ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე.

გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანი "მის დირექტორებს და მენეჯერებს აშანტაჟებდა", ასევე, რ2-ის ინფორმაციით, ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და "მისმა ხალხმა" ყიფიანი გაიტაცა, სადრაფში ჩააგდო, გააშიშვლა და სცემა. ამის შემდეგ ყიფიანი სამჯერ დაიკითხა, ორჯერ პროკურატურაში, ერთხელ კი სასამართლოში. ფარცხალაძის საქმეზე მან ორჯერ ისაუბრა და ორივე შემთხვევაში ფარცხალაძესთან კონფლიქტი უარყო. ყიფიანმა სარდაფის ეპიზოდზე თქვა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი. ასეთი რამე არ ყოფილა". ამის შემდეგ, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკვე სავარაუდოდ თავად ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სარდაფში დაარტყა.

კომენტარები