ფარული აუდიოჩანაწერები

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული იყო და არის "სულიერად აღელვებული", მაგრამ სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

​"ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. [...] ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს რუსთავი 2-მა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან და გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.

სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება". 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

ჩანაწერებზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაზე "გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით". 

გარდა ამისა, დღეს პროკურატურამ საქმეზე ახალი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. უწყების ცნობით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისსაა ჩაწერილი და უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.   

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მოქალაქე ი.პ-სგან სამი ფარული აუდიო ჩანაწერია ამოღებული, აქედან ერთი რუსთავი 2-მა უკვე გაასაჯაროვა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი 3 ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს., რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიო ფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, პარტლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით სუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიო მასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ სუბელიანის და ვიქტრო ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი",- აღნიშნა პროკურორმა. 

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ყველაფერზე წამსვლელია და მზადაა მთავრობის წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები