ფარული აუდიოჩანაწერები

ბოკერია: რა ახალი ჩანაწერებიც არ უნდა გამოჩნდეს, ამ უმძიმეს სურათს ვერ შეცვლის

ტაბულა

რა ახალი ჩანაწერებიც არ უნდა გამოჩნდეს, სადაც სხვა ახალი ასპექტები დაემატება, ეს ამ უმძიმეს სურათს ვერ და არ ცვლის“, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. 

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანას დანაშაულებრივი ჯგუფი მართავს და უმძიმეს მდგომარეობამდე ლოგიკურად მივიდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ. 

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმისდა მიუხედავად, აქ რამე პირდაპირ მანიპულაციას აქვს თუ არა ადგილი პროკურატურის ან მთავრობის მხრიდან, რას ცვლის ეს ინფორმაცია იმ უმძიმეს სურათში, რომელიც იხატება ამ ჩანაწერითაც კი. ეს უმძიმესი სურათი არის ის, სადაც ლოგიკურად მივიდა ქვეყანა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების  მმართველობა, კორუფცია, ხელის დაფარება პოლიტიკური ნეპოტიზმის ნიშნით, ყველანაირი დანაშაულზე წასვლა, რომ პოლიტიკური ამოცანა შესრულდეს, მთელი ეს ბუკეტი უმძიმესი ვითარების დასტურდება",- ამბობს ბოკერია. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. 

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. აუდიო რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. ეთერში გასული ჩანაწერი, პროკურატურის ცნობით, 11 ოქტომბრისაა.

პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე". ამ ვერსიით, გამოდის, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რაც საზოგადოებამ რუსთავი 2-ის ეთერში მოისმინა.
 

კომენტარები