ფარული აუდიოჩანაწერები

კობახიძე სუბელიანზე: ამ სპექტაკლსაც ზუსტად ისე გაეცემა პასუხი, როგორც "ომეგას" საქმეს გაეცა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

"დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი მტკიცებით, "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებს და ბრალდებებს პასუხი უკვე გაეცა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსთავი 2 "ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს".

"აქამდე თუ რუსთავი იყო ნაცონალური მოძრაობის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის დღევანდელი რეალობა.

შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც იყო აგებული ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო ომეგას საქმე, პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა რუსთავი 2-მა. დადასტურდა სხვადსახვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლი ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე და გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის არგადახდა. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს. მან [ზაზა ოქუაშვილმა] მეკავშირედ გაიხადა ნაცმოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცნობილი, ეს სპექტაკლი ჩავარდა და დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს" - განაცხადა კობახიძემ და კვლავ წინა ხელისუფლების "მმართველობის ცხრა წელი" გაიხსენა.

"დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი, რომელსაც ახორციელებდა ყოველდღიურ რეჟიმში მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ ეს ძალადობრივი სისტემა და რეჟიმი ჩავაბარეთ წარსულს. და გამოვირჩევით ზუსტად იმით, რომ ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი, რაც დასტურდება საზოგადოების განწყობით, ამაზე აქვს ყველას სრული ინფორმაცია. ეს არის რეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე, ეს არის რეალობა, რომელიც არის დღეს და სწორედ ამ რეალობის დამსახურებაა, რომ ტვინის გამორეცხვას არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ელიან მისი ავტორები" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ომეგა ჯგუფის საქმე

რუსთავი 2-მა ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე.

კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი, ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანი "მის დირექტორებს და მენეჯერებს აშანტაჟებდა", ასევე, რ2-ის ინფორმაციით, ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და "მისმა ხალხმა" ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩააგდო, გააშიშვლა და სცემა. ამის შემდეგ ყიფიანი სამჯერ დაიკითხა, ორჯერ პროკურატურაში, ერთხელ კი - სასამართლოში. ფარცხალაძის საქმეზე მან ორჯერ ისაუბრა და ორივე შემთხვევაში ფარცხალაძესთან კონფლიქტი უარყო. ყიფიანმა სარდაფის ეპიზოდზე თქვა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი. ასეთი რამე არ ყოფილა". ამის შემდეგ, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკვე სავარაუდოდ თავად ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სარდაფში დაარტყა. პროკურატურის მტკიცებით, გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია.

მირზა სუბელიანის ჩანაწერების საქმე

14 ოქტომბერს, რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერი, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია გაკეთებული. მასში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება. ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

მირზა სუბელიანთან ციხეში შეხვედრა და გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა. თუმცა, მისი თქმით, სუბელიანი "მთლად დალაგებული" არ საუბრობდა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ბრალდებულის ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია.

ამასთან, დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც მათი მტკიცებით, რუსთავი 2-ის გავრცელებულ ჩანაწერზე რამდენიმე თვით ადრეა გაკეთებული. უწყების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ აპირებს, გახმაურებული საქმეების "ამოსატრიალებლად", ტყუილი თქვას.

პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე". 

კომენტარები