ქალზე ძალადობა

შსს: ლამბალოდან გატაცებული გოგოს საპოვნელად ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დასადგენად ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და საძებრო ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, პოლიციას 17 წლის შვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მშობლებმა 12 ოქტომბერს მიმართეს და გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

"საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.

გამოძიების დაწყებიდან დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან", - ამბობენ შსს-ში.

17 წლის გოგო ლამბალოდან 4 დღის წინ გაიტაცეს. დანაშაულს მისი უმცროსი და შეესწრო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ამოიცნეს ავტომანქანის მძღოლი. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანი და მისი გამტაცებელი პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

გატაცებული გოგოს მხარდასაჭერად დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, პოლიციამ იცის ვინ არის გამტაცებელი, მაგრამ სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გატაცებულ გოგონას ვერ პოულობენ.

"საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში ხშირია ცოლად მოყვანის მიზნით გოგოების გატაცება. ასეთ შემთხვევებზე საგამოძიებო სტრუქტურები პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ. პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან. სახელმწიფო ელოდება, როდის მორიგდებიან ოჯახები ერთმანეთში, შემდეგ კი ან სრულიად წყდება გამოძიება ან ფორმდება 5000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგოები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა.

ეს მავნე პრაქტიკა არის სახელმწიფოს უმოქმედობით წახალისებული და ხელშეწყობილი ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ", - ამბობენ ქალთა მოძრაობაში.

კომენტარები