არჩევნები 2018

კობახიძე: ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, ეს მიზანი გვაქვს ამ არჩევნებზეც

"ჩვენ აღკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივია, ეს ამოცანა გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებშიც" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ და მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ოპონენტებს "ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია" შესთავაზა, თუმცა, "პასუხად ვიღებთ ისეთ კამპანიას, რომელიც არის ძალიან შორს დასავლური, ევროპული ტიპის საარჩევნო კულტურისგან". მან იმ "დარღვევებსა და ხარვეზებზე" ისაუბრა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას სდევს თან.

"1. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

2. კანდიდატის მხარდაჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა. ეს მცდელობა არ არის წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში არიან ძალიან ფართოდ ჩართული ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

3. დესტრუქცია, რომელსაც ვხედავთ ჩვენი კანდიდატის მიერ გამართულ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე. ეს არის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა.

4. ოპოზიციური კანდიდატების აბსოლუტურად პოპულისტური და ცრუ დაპირებები. შეგახსენებთ დაპირებას პენსიის თაობაზე. არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პოპულიზმიც არის ამ კამპანიის ერთერთი შემადგენელი ნაწილი.

5. კიდევ ერთი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ფიქტიური პარტიების დახმარებით ხდება უფასო საეთერო დროის და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება, რაც არის კიდევ ერთი გადაცდომა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები.

6.კიდევ ერთი დარღვევაა ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს ცალკე უნდა გამოიყოს. ჩვენ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დამკვირვებლებს, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე მათთან და ამ ინფორმაციას გავუზიარებთ მათ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები სალომე ზურაბიშვილის "დამაჯერებელი გამარჯვებით" დასრულდება.

კომენტარები