ფარული აუდიოჩანაწერები

გვარამია: გაგრძელება იქნება, კიდევ გამოვაქვეყნებთ ჩანაწერებს, მოისმენთ ძალიან მძიმე ფაქტებს

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს. მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია და ამის შესახებ მან გუშინვე ისაუბრა. 

"ჩვენ დავაანონსეთ, რომ ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ უკვე ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი აბსოლუტური სიზუსტით ვიწინასაწარმეტყველეთ. მართლაც, დადასტურდა, რომ ჩანაწერი დადგმულია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვა უმძიმეს სკანდალში...

გაგრძელება იქნება, ჩვენ ნამდვილად მოგასმენინებთ იმ ჩანაწერებს, კიდევ უფრო ხანგრძლივს, ვიდრე ეს აქამდე იყო, სადაც ადამიანები საუბრობენ ნატურალურად და არა დადგმულად, თამაშ-თამაშით და უმაღლესი, თავანკარა, ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო ქართულით. თქვენ მოისმენთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელზეც მიდის საუბარი. პროკურატურას რა აქვს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სამზე მეტი საუბარი გვაქვს და ყველა ეს საუბარი გამოქვეყნდება" - განაცხადა გვარამიამ.

14 ოქტომბერს, რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერი, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია გაკეთებული. მასში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება. ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

მირზა სუბელიანთან ციხეში შეხვედრა და გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა. თუმცა, მისი თქმით, სუბელიანი "მთლად დალაგებული" არ საუბრობდა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ბრალდებულის ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია.

ამასთან, დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც მათი მტკიცებით, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ აუდიოზე რამდენიმე თვით ადრეა ჩაწერილი. მასში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აპირებს, გახმაურებული საქმეების "ამოსატრიალებლად", ტყუილი თქვას.

პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე". 

კომენტარები