ფარული აუდიოჩანაწერები

"ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში" - ლომჯარიამ სუბელიანი ციხეში მოინახულა

ტაბულა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მირზა სუბელიანი ციხეში მოინახულა. ომბუდსმენმა სუბელიანთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. 

ლომჯარია ამბობს, რომ სუბელიანს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. ომბუდსმენის თქმით, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. 

"ჩანაწერებთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმაზე რომ ის ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, არის დაცვა უზრუნველყოფილი და ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში...როდესაც ვსვამდი შეკითხებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით",- ამბობს სახალხო დამცველი. 

მირზა სუბელიანის ადვოკატმა დღეს თქვა, რომ სუბელიანს გუშინ, 15 ოქტომბერს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ეკა ხუციშვილის თქმით, ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, დღეს სუბელიანის გამოკითხვა მისი "სტრესული მდგომარეობის" გამო ვერ მოხერხდა.

"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ჩანაწერის დეტალებზე მას არც ჩვენთან არ უსაუბრია. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია და ფიზიკურად შეუძლებელია ]მასთან საუბარი]. მას გუშინ ჰქონდა სიუციდის მცდელობა, მგონი, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად დღეს გამოკითხვაც ვერ ჩატარდებოდა" - ამბობს ადვოკატი.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული იყო და არის "სულიერად აღელვებული", მაგრამ სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

​"ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. [...] ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები