მირზა სუბელიანის საქმე

ვიქტორ ჯაფარიძე: მირზა სუბელიანის შვილმა სუიციდი სცადა

პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემის, "360 გრადუსის", ეთერში განაცხადა, რომ მირზა სუბელიანის შვილმა სუიციდი სცადა. პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ბრალდებული სუბელიანის ოჯახის წევრების თხოვნით ნახა და მზადაა კიდევ მოინახულოს ის. 

"იცი, რომ მის შვილსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა? მკვდარი უნდა ნახოთ და დაიჯეროთ, რომ სტრესი აქვს ადამიანს და გვამი უნდა ნახოთ, რომ საღ აზრზე არ არის? მე ჩემით კი არ შევდივარ, მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნით შევედი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ მირზა სუბელიანს"- განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს, On.ge-ს ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან, პარლამენტის თავჯდომარის ბრძანებით იმ დღესაც შევიდა, როცა რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერები დაანონსა. ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პარლამენტის თავჯდომარისგან მიღებული ნებართვა გამოიყენა და 14 ოქტომბერს ციხეში მირზა სუბელიანი მოინახულა.

14 ოქტომბერს  Rustavi2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება. ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

დღეს საქართველოს  პროკურატურამ აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. 

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ცნობით, ეთერში გასული აუდიოჩანაწერი  11 ოქტომბრისაა.

მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ პენიტენციური სისტემის თანამშრომელს, ი.პ.-ს ციხეში გაკეთებული სამი აუდიო ჩანაწერი ჰქონდა. ერთერთი სწორედ ის ჩანაწერია, რომელიც რუსთავი 2-მა გაუშვა. კიდევ ერთს კი პროკურატურა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" ასაჯაროებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი "გაწირვა" აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ ის ყველაფერზე წამსვლელია. მისი თქმით, ის გეგმავს მოიტყუოს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა, თეთრაძის მკვლელობა," ნავთლუღის სპეცოპერაცია", ე.წ ქურდების და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე. მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს "საჭირო" ინფორმაციის სანაცვლოდ

კომენტარები