იბერია TV

NGO-ები: არჩევნების წინ იბერიას შეჩერება გამოხატავს მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას

„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული მაუწყებლის, ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება გამოხატავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას“, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია იბერიას მიერ მაუწყებლობის შეწყვეტას კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის.

განცხადებაში, რომელიც კოალიციამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ეს პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრონველყოფას.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა,რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მხარეებს მოუწოდებენ, „პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები“, ხელისუფლებას კი - საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის დროულად გაცემისკენ.

ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. არხზე შეჩერდა საინფორმაციო და საავტორო გადაცემები. იბერია" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახტან ხუზმიაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეეწყვიტა.

"ომეგა ჯგუფის" და "იბერიის" დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ რუსთავი-2ს უთხრა, რომ ხელისუფლებამ იბერიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა და ეს ტელეკომპანიაზე ზეწოლის მცდელობა იყო.

კომენტარები