მასობრივი მკვლელობა

ყირიმის სასწავლებელში სტუდენტმა 19 ადამიანი მოკლა, ათობით დაჭრა და თავი მოიკლა

PA

ყირიმში, ქალაქ ქერჩის ტექნიკურ სასაწავლებელში 18 წლის სტუდენტმა ცეცხლსასროლი იარაღით 19 ადამიანი მოკლა, სულ მცირე 40 - დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მსხვერპლთა უმრავლესობა სტუდენტია.

თვითმხილველები და ოფიციალური პირები ასევე საუბრობენ აფეთქებაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა მოწყობილება აფეთქდა. საგამოძიებო ორგანოების განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „ლითონის საგნებით“ იყო სავსე. მოგვიანებით გაირკვა, რომ სამართალდამცავებმა კიდევ ერთი მოწყობილება იპოვნეს და გაანეიტრალეს.

დაღუპულთა გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტებს ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, დამნაშავის სავარაუდო ვინაობა ცნობილია: ვლადისლავ როსლიაკოვი ოთახიდან ოთახში სროლით დარბოდა, შემდეგ კი ცეცხსასროლი იარაღითვე მოიკლა თავი. გამოცემა მის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დამნაშავეს სასწავლებელი სძულდა და მასწავლებელზე შურისძიება სურდა. კლასელების თქმით, ის არაკომუნიკაბელური იყო და სოციალურ მედიას არ იყენებდა. ვლადისლავ როსლიაკოვს ოქტომბრიდან სანადირო იარაღების ფლობის უფლება ჰქონდა.

ყირიმი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. ვლადიმერ პუტინმა მომხდარს „ტრაგიკული მოვლენა“ უწოდა.

კომენტარები