ფარული აუდიოჩანაწერები

ჯაფარიძე: სენსაცია უნდა იყოს ის, თუ ვინ ჩაწერა დეპუტატის საუბარი პატიმართან

რადიო ათინათი

მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქართული ოცნების წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი და მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი ავთენტურია. 

ის დღეს სვანეთში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფება. 

ჯაფარიძემ თქვა, რომ მირზა სუბელიანი დასტრესილია და ამის გამო ილაპარაკა ის, რაც იმ ჩანაწერშია. მისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საპატიმროში დეპუტატის შეხვედრას ფარულად მიაყურადეს

"აი ეს მიკროფონი მომაშორეთ [რუსთავი 2-ის მიკროფონი]. რატომ უნდა მომაშოროთ იცით? აი ესენი წერენ და ამათმა იციან რა სიბინძურეებში გახვიეს მთელი ქვეყანა. ეს არის მათი მეთოდი, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებთ თქვენი ბინძური მეთოდებით და ჩაწერებით. აღარავის არ სჯერა თქვენი ჩაწერების.

გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? 5-ჯერ თუ 6-ჯერ შევედი. კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას კიდევ შევალ. არამარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერი სვანთან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც მოითხოვს ჩემს შესვლას საპყრობილეში იმასთან შევალ. რა მაქვს ამის პრობლემა. მისი მოთხოვნით შევდიოდი თვითონ მირზა სუბელიანის  და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი და გიმეორებთ, მე 14-შიც შევედი, კვირას, იმიტომ, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო და ყველას გეკითხებით თქვენ, ადამიანი, რომლის შვილის გამოც ორი ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადო თავისმა ოჯახმა, ამდენი ოჯახი გაუბედურდა, თვითონ პროკურატურის პოლკოვნიკი განმარტოებულ საკანში დაენგრა ოჯახი წარმოიდგინეთ  თქვენ თქვენი თავი, არ იქნება სტრესის ქვეშ?! მე ვთვლი, რომ არასერიოზული სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგა და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, ტყუილი თუ იყოო... არასერიოზული და ტყუილი ერთი არ არის?! თქვენ უნდა კითხულობდეთ იმას, რომ როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი შევიდა საპყრობილეში პატიმართან და ეს არის ჩაწერილი. მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. რა სენსაციას ეძებთ? ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტარის საუბარი პატიმართან", - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან. 

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, გუშინ გაავრცელა. მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელშიც ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე საუბრობენ. უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ცნობით, ეთერში გასული აუდიო 11 ოქტომბრისაა.

კომენტარები