ფარული აუდიოჩანაწერები

პრემიერი აუდიოჩანაწერზე: სუბელიანი რა ფაქტებზეც საუბრობს, დიდი ნაწილი არის ილუზია

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, მირზა სუბელიანის მიერ მოყვანილი ფაქტების უდიდესი ნაწილი არის ილუზია. 

მისი თქმით, ეს არი მიზანმიმართული ქმედებები წინასაარჩევნოდ, რათა საზოგადოების ცხოვრებაში, გარკვეულმა ძალებმა დისონანსი შემოიტანონ.

"პირველი, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე ვიდრე ეს ჩვენ ვიხილეთ. მეორე ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან. მე ძალიან კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახი კახიშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ მას ფიზიკურადაც არ ჰქონია ინტერაქცია ამ ადამიანთან. შესაბამისად ეს ადამიანი რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი ამ ყველაფერში არის ილუზია. მაგრამ მთავარი ეს არი არის. მთავარი არის ის რომ მსგავსი ფაქტებით, სამწუხაროდ ცდილობენ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებაში ცხოვრებაში და იმაში რომ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე და პირდაპირ მინდა განვაცხადო, ნუ აქვთ ამის ილუზია. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერ, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. როგორც ჩანს რეალობის მოდელირება ჰობად იქცა.",- ამბობს პრემიერმინისტრი.

14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. 

ამ ჩანაწერში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, გუშინაც გაავრცელა.

რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელშიც ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე საუბრობენ. უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისითთარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ცნობით, ეთერში გასული აუდიო 11 ოქტომბრისაა.

 

 

კომენტარები