ლუგარის ლაბორატორია

ჯანდაცვის უწყება რუს ექსპერტებს: ადგილზე გაეცანით ლუგარის ლაბორატორიის აქტივობებს

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს და სთხოვს, შეიქმნას შესაბამისი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს. 

დავით სერგეენკოს განცხადებით კი, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას.

“ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში” - თქვა დავით სერგეენკომ.  

მინისტრისვე თქმით, "ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია, ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ". 

სერგეენკომ ასევე თქვა, რომ "არაერთხელ მოხდა რუსი კოლგების მოწვევა ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ლაბორატორია რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა ამ თემის ესკალაცია გრძელდება". 

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით საქართველოში 2013 წელს გახსნილი ლუგარის ლაბორატორია: 

  • შეისწავლის საქართველოში ბაქტერიებს
  • ამზადებს სპეციალისტებს;
  • აქვთ უნიკალური აპარატურა, რომლებსაც იყენებენ არა მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები კვლევითი საქმიანობისთვის;
  • არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი;
  • გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს;

თუმცა, მის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მანქანა დაარსების დღიდან მუშაობს, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებით აქტიურად: ავრცელებს ხმებს, რომ ლაბორატორიაში "საიდუმლოდ ამზადებენ ბიოლოგიური იარაღს, საშიში ვირუსებს, რომლებსაც შემდგომ ავრცელებენ ქართველების განადგურების მიზნით, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებისთვის იყენებენ და სხვა". 

დეზინფორმაციის გავრცელებაში აქტიურად არის ჩართული რუსული სამთავრობო მედია და მაღალჩინოსნები, გუშინ კი პროპაგანდაში უშუალოდ პრეზიდენტი პუტინი ჩაერთო. 

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა სოჭში, კლუბ "ვალდაისთან" შეხვედრაზე თქვა, რომ ვერ განსჯის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას, თუმცა, "თუ ეს მართლაც ასეა, ეს ძალიან საშიშია". 

ტელეარხ "რასია 24"-ის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ "ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევები უკავშირდება გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს და გულისხმობს ისეთი პრეპარატების შემუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. რასია 24 ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე და მათ მეორე-მესამე თაობაში უკვე კარდინალურად იცვლება თავდაპირველი სახე". 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად უარყო ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება და თქვა, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე თქმით, კვლევითი ცენტრს საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ასევე, ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში წვდომა მხოლოდ ქართველებს აქვთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს თანამშრომლობას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები