ევრაზიული ფორუმი

თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი პროტესტის ფონზე გაიხსნა

თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ორდღიან ფორუმში სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის 200-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არის ბიზნესფორუმის ქართველი მასპინძელი. 

ფორუმში მონაწილე რუსი ბიზნესმენების თქმით ღონისძიებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ ბიზნეს საკითხებს მოიცავს. 

„ბიზნესისთვის საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთთან და ევროკავშირთან. ჩვენი კომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ფანჯარას ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. ქართული ბაზარიც საინტერესოა, მაგრამ ის მასშტაბებით ძალიან მცირეა, ამიტომ გვინდა, რომ საქართველოს გავლით მოვხვდეთ ევროპულ ბაზარზე,“ - თქვა მცირე და საშუალო ექსპორტიორები ასოციაციის დირექტორი, იური შურიგინმა, რუსთავი 2-ის ცნობით. 

ფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნა. მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია"-ს წევრებმა საპროტესტო პლაკატები გაშალეს. მათ მოითხოვეს, ფორუმის წარმომადგენლებმა აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

„ეს ძალები ისევ ცდილობენ საქართველო მოაქციონ თავიანთ კლანჭებში. დღევანდელი ეს ფორუმიც ამის მანიშნებელია, რომ მცირე მეწარმეები მოხიბლონ ტყუილებით, ნაცვლად იმისა, რომ ეს  ადამიანები ინვესტიციებს ეძებდნენ დასავლეთში, ისევ მიდიან ჩრდილოეთში. სანამ ერთი პირი მაინც იქნება აქტიური საქართველოში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენ შევაჩერებთ აგრესიას. ეს ფორუმი იმის გამოძახილია, რომ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ არ დავბრუნდებით“, – თქვა მოძრაობის წევრმა, ანა ჭარხალაშვილმა.

კომენტარები