სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი: ბოლო დროს, შემოგვდიოდა სიგნალები, რომ იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "უკანასკნელ პერიოდში, შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები". როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა პირველ არხს უთხრა, "​ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე აღკვეთეს". მისი თქმით, ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ დამძიმდეს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე, დეტალებს არ ახმაურებენ.

"თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას" - განაცხადა გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ სუს-ის პრიორიტეტია, იმგვარად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომ არ დაზიანდეს დემოკრატიული საარჩევნო გარემო.

დესტაბილიზაციის მცდელობაზე გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა. მისი თქმით, მათ შორის, მიყურადების შედეგად იციან ყველაფერი, "რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად". მინისტრის მტკიცებით, "დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ, ეს იქნება შეუძლებელი, ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო".

კომენტარები