ოჯახში ძალადობა

ომბუდსმენი: არასრულწლოვნის ნებაზე ინფორმაცია საკმარისი არ არის, გამოძიება უნდა გაგრძელდეს

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კახეთში, სოფელ ლამბალოდან 17 წლის გოგოს სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ზედაპირული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მისი სურვილით მოხდა, საკმარისი არ არის.

"სავარაუდო თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური და არ დავჯერდეთ მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ნების არსებობის შესახებ. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როცა არასრულწლოვანის ნების ფორმირება ხდება გარე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. გარდა ამისა, არასრულწლოვნის ნება ვერ ჩაითვლება ნების გამოვლენად, გამომდინარე იქედან, რომ ის არის არასრულწლოვანი და სამართლებრივად არ აქვს ისეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ისეთ საკითხზე, როგორიც არის ქორწინება", - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე.

ის აღნიშნავს, რომ გუშინ, მას შემდეგ, რაც 17 წლის გოგო იპოვეს, მას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეხვდა, თუმცა ის არ ესწრებოდა გამოკითხვას. ომბუდსმენის აპარატი არასრულწლოვნის მონახულებას უახლოეს პერიოდში თავშესაფარშიც გეგმავს და ეკა სხილაძის თქმით, მიიღებენ ინფორმაციას მისი საჭიროებების შესახებ.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, რომელიც შსს-ს 17 წლის გოგოს ოჯახს გამოუწერა, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ ძალადობის მოლოდინი თავად არასრულწლოვანს ჰქონდა.

"გოგონას გაცხადებით, მას ჰქონდა აღქმა, რომ გახდებოდა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და გადაყვანილია თავშესაფარში. ოჯახთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც მიუთითებს, რომ მსგავსი რისკები არ არსებობდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სრულყოფილად იყოს შესწავლილი. ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი - ოჯახში სავარაუდო ძალადობა და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, ასევე, სავარაუდო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და მისი გამოძიების პროცესი", - აღნიშნავს სხილაძე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი შეაფასებს ორდერის გამოწერის პირობებს და არასრულწლოვნის თავშესაფარში მოთავსების მიზანშეწონილობას.

"ამ ეტაპზე ჩვენი ჩართულობა მხოლოდ დაკვირვების პროცესით შემოიფარგლებოდა, რადგან გუშინ, განცდილი ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ, არ იყო შესაძლებლობა სრულყოფილი ინფორმაცია მიგვეღო არასრულწლოვნისგან. აუცილებლად შევაფასებთ როგორც ორდერის გამოცემის პირობებს, ასევე, არასრულწლოვნის თავშესაფარში გადაყვანის მიზანშეწონილობას, რამდენად სწორად იქნა იდენტიფიცირებული რისკები და ა.შ. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგი გუშინვე მუშაობდა მასთან და თავშესაფარში ყოფნის პერიოდშიც იმუშავებს", - ამბობს ეკა სხილაძე.

17 წლის გოგოს გატაცების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სხვადასხვა მედიას მისი ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ არასრულწლოვანი 12 ოქტომბერს, უმცროსი დის თანდასწრებით სახლიდან ორმა უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა. მათივე მტკიცებით, გოგო არც ერთ მათგანს არ იცნობდა. ოჯახი ვარაუდობდა, რომ გატაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო.

გუშინ, მომხდარიდან მე-6 დღეს არასრულწლოვანი სოფელ ჯანდარაში იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღეს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 17 წლის გოგომ თანასოფლელთან ოჯახის შექმნა თავად გადაწყვიტა. შსს ხაზს უსვამს, რომ ის ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით გამოიკითხა და გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ "რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად". უწყება აღნიშნავს, რომ იგივე ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას ბიჭმა და მისმა თანმხლებმა პირებმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო მისი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა იყო მოსალოდნელი და ამიტომ, ის თავშესაფარში გადაიყვანეს, ოჯახს კი პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

"არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები