არჩევნები 2018

წინასაარჩევნო გამოძიებები - საქმეები, რომელთა უმრავლესობაზე შედეგი არ დადგა

ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ადამიანთა გვარები კიდევ ერთხელ გაისმა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ქვეყანაში “დესტაბილიზაციის მცდელობებზეც” საუბრობენ. მოახლოებული არჩევნები გამონაკლისი არ არის - ძველი, გახმაურებული საქმეების წამოწევა ან დესტაბილიზაციის გეგმების გამოძიება გასულ არჩევნებსაც უძღოდა წინ. ამ საქმეებს ის გამოარჩევს, რომ, როგორც წესი, რაიმე შედეგი არ დგება და არჩევნების შემდეგ მათზე საუბარიც წყდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მათ მიიღეს “ოპერატიული სიგნალები”, რომ მასობრივ ადგილებში “ძალადობრივი პროვოკაციები” იგეგმებოდა. ამ ეტაპზე სუს-ში ამბობენ, რომ “ეს მცდელობები ჩანასახშივე აღკვეთეს”. უწყება აცხადებს, რომ “ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მისცემს”.

დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრიც. გახარიამ, როგორც თავად ამბობს, მათ შორის, მიყურადების შედეგად, დეტალურად იცის, “რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად". შს მინისტრის ამბობს, რომ მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს გარანტი მისი უწყება იქნება.

ამასთან, კენჭიყრის დღემდე 2 კვირით ადრე, 17 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობა გამოიძია.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდმა დაადგინა, რომ მიზეზი გულის შეტევა იყო და ეს მკვლელობა არ ყოფილა.

10 წლის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც, უწყების მტკიცებით, 2007 წლის თებერვალშია გაკეთებული. გამოძიების ინფორმაციით, მასში ენმ-ის ხელისუფლების სამ ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი სწორედ პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავდნენ. მათ ბრალი წარუდგინეს.

ამავე დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომელშიც გიორგი დგებუაძე (მასტერა) პატარკაციშვილის დაცვის წევრს ესაუბრება, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეც არის ნახსენები.

დაცვის თანამშრომელი ამბობს: „საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?“

გიორგი დგებუაძე პასუხობს: „ჟვანიაზე... გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!“.

ტელეკომპანია იმედის ცნობით, აქედან გამომდინარე, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთოს.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მიზეზად იმავე დღეს ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა. გამოძიება ჩაატარა FBI-მაც და ანალოგიური დასკვნა დადო, თუმცა, საქმეზე სპეკულაციები არ შეწყვეტილა. ჟვანიას საქმეზე ხელახალი გამოძიება ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2014 წელს დაიწყო.

2014 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნები
 

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, 9 მარტს, Youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეო აიტვირთა - ეს იყო გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია). ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. hakim pasha-ს Youtube-ზე სხვა ვიდეო არასდროს დაუდია. საქართველოს პროკურატურამ მაშინ თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას შესახებ გავრცელებული კადრები ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები საქმის მასალებში მოიპოვება.

ვინ იდგა Hakim Pasha-ს იუთუბ-არხის უკან, პროკურატურას არ გამოუძიებია, თუმცა, მასზე დაყრდნობით ჟვანიას საქმის ექსპერტს, ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულების მუხლით ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც შეუფარდეს. 2016 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო.

მალევე, 2014 წლის 7 აპრილს, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესაძლოა ქვეყანაში „დესტაბილიზაციის“ გამოწვევას შეეცადოს და მისი მიზანი შესაძლოა „სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა“ იყოს.

გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა „დაიწყეს საბურავების ყიდვა“, რადგანაც, მისი ვარაუდით, ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება, საბურავებს კი დასაწვავად გამოიყენებენ.

მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა, გამოძიების დეტალებზე ძალოვან უწყებებს მომდევნო წლებში აღარ უსაუბრიათ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
 

2016 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 სექტემბერს, ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც, გამვრცელებლის მტკიცებით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რს შო­რის დი­ა­ლო­გია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი აკა­კი მი­ნაშ­ვილს, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­სა და გიგი წე­რე­თელს "რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ზე" ესაუბრებოდა.

ენმ ჩანაწერის ავთენტურობა უარყო, ხოლო სუს-ში შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო.

განცხადებებს აკეთებდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც. ქართული ოცნების მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ "არ დავუშვებს, ვიღაცებმა რაღაც გადატრიალებები და სისხლისღვრა მოაწყონ".

ამ ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე "თავისუფალი ზონის" წევრმა, ბესო კილაძემ ორგანიზაცია დატოვა და თქვა, რომ სააკაშვილი მას "დესტაბილიზაციის დავალებას" აძლევდა.

სუს-მა კილაძის ამ განცხადებაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

ამ საქმეების გამოძიების შედეგები საზოგადოებას დღემდე არ შეუტყვია.

ხელისუფლება ოპოზიციას სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში 2015 წელსაც ადანაშაულებდა, როდესაც იმავე წლის ოქტომბერში, მაშინ ენმ-ის საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხეს. საქმე ე.წ უკრაინულ ვიკილიქსს და ამ საიტით გავრცელებულ "მასალას"- ბოკერიას და სააკაშვილის დიალოგის ტრანსკრიპტს/სტენოგრამას ეხებოდა. სუს-მა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობის საქმეზე დაიწყო.

wikileaks.center-ით გავრცელდა აუდიოჩანაწერებიც, რომელშიც, ე.წ უკრაინული ვიკილიქსის მტკიცებით, ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა, რომლებიც თითქოს საუბრობენ საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე. ჩანაწერში ისმის საუბარი რუსთაველის გამზირის კარვებით გავსებაზე, ივანიშვილის სახლთან აქციებზე, ასევე, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ერთ-ერთი ჩანაწერი არის ნიკა გავარამიას და მიხეილ სააკაშვილის საუბარიც.

საუბრის სუბიექტებმა ბრალდებები უარყვეს, თუმცა, სუს-ში გვარამია 2017 წელსაც დაიკითხა.

wikileaks center რეალურად არა უკრაინული, არამედ რუსული იყო, რადგანაც მას რუსული სერვერები ემსახურებოდა.

ბლოგმა wikileaks center-მა 2015 წლის ზაფხულის მანძილზე თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი დიალოგების “სტენოგრამები” რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ორგანოებით ვაჭრობაშიც არის ჩართული.

უცნობია, რატომ ჩათვალა კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.  რაიმე შედეგი არც ამ გამოძიებას მოჰყოლია.

კომენტარები