ფარული აუდიოჩანაწერები

პროკურორი: ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე, მოწმის სახით მირზა სუბელიანი გამოიკითხა. გამოკითხვა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თუმცა, გამოკითხვას არ ესწრებოდნენ ის ადვოკატები, რომლებიც მას აქამდე იცავდნენ. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საშვის არქონის გამო შესვლის უფლება არ მისცეს. 

პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, გამოკითხვას საუბელიანის მესამე ადვოკატი ესწრებოდა, რომელიც საქმეში აქამდე არ იყო ჩართული. 

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მსჯავრდებულს  ბევრი კითხვა დაუსვეს, ნაწილს სუბელიანმა არ უპასუხა. პროკურორის თქმით, მირზა სუბელიანი ისევ გამოიკითხება.

"დღეის მდგომარეობით მოწმის სახით იქნა გამოკითხული მირზა სუბელიანი. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა, ძირითადი კითხვები დაესვა მას. ნაწილ კითხვებზე დღეის მდგომარეობით მიღებული იქნა პასუხი, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და კვლავ გამოცხადდება ბრალდების მხარე, პროკურატურა და დაესმევა მას ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემისგან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა",- თქვა პროკურორმა. 

სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით, რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერი 17 ოქტობერსაც გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთაც ქართულ ოცნებაზე მაკომპრომიტირებელი მასალები აქვთ. ის ახსენებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრს კახი კახიშვილსაც. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სუბელიანი მასთან მივიდა, 2013 წელს "რასაც აკეთებდა“ შეახსენა და სავარაუდოდ გარკვეული პირობები წაუყენა. ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი, რომელზეც მაკომპრომიტირებელი მიმოწერებია, გერმანიაში გაგზავნა. მისივე თქმით, "არავისზე ნაკლები კომპრომატები არ აქვს“. სუბელიანი ამბობს, რომ მიშას (სავარაუდოდ, სააკაშვილს) „დაბრიდავს“ და ამისთვის სამთვიანი მომზადება საკმარისი იქნებოდა.

გლდანის ციხეში ჩაწერილი კიდევ ერთი აუდიოს მიხედვით, მირზა სუბელიანს მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და გახმაურებულ ამბებზე ფლობს ინფორმაციას. ამის შემდეგ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც, უწყების მტკიცებით, წინ უსწრებს რუსთავი 2-ის ჩანაწერს - აქ სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად მომავალში ტყუილს იტყვის.

უფრო დაწვრილებით რუსთავი 2-ისა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები