აფეთქება რუსთავში

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ინფო რუსთავი

დღეს რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი 9 წლამდე ასაკისაა.

მას კლინიკა "რუსთავში" ოპერაცია უტარდება, შემდეგ კი იგეგმება რეანომობილით თბილისში გადმოყვანა.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი დღეს აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად 10 ადამიანი დაშავდა და მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

ინფო რუსთავის ინფორმაციით კი, დაშავებულია 12 ადამიანი.

შსს-ში ამბობენ, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნავენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები